ნანუაშვილი კრიმინოგენურ სიტუაციასთან დაკავშირებით კონკრეტულ სტატისტიკას ითხოვს

ნანუაშვილი კრიმინოგენურ სიტუაციასთან დაკავშირებით კონკრეტულ სტატისტიკას ითხოვს

სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი კრიმინოგენურ სიტუაციასთან დაკავშირებით კონკრეტულ ინფორმაციას და სტატისტიკას ითხოვს. ამის შესახებ ომბუდსმენმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც უჩა ნანუაშვილმა განაცხადა, მნიშვნელოვანია სახალხო დამცველის აპარატს ამომწურავი ინფორმაცია ჰქონდეს იმისათვის, რომ კონკრეტული განცხადება გაკეთდეს. ნანუაშვილი მიიჩნევს, რომ ბოლო პერიოდში გახშირებული მკვლელობები განსაკუთრებით საგანგაშოა.

მისსივე შეფასებით, მნიშვნელოვანია როგორც დროული და ობიექტური გამოძიება ყველა მსგავსი ფაქტის, ისე პრევენციული ღონისძიებების გატარება. გარდა ამისა, უჩა ნანუაშვილი მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია, არა მხოლოდ შს სამინისტრო და პროკურატურა იყოს ამ პროცესში ჩართული, ასევე მნიშვნელოვანია სასამართლო სისტემის როლი. როგორც მან აღნიშნა, სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში შეინიშნება საკმაოდ მსუბუქი სასჯელების გამოყენება, საკმაოდ მძიმე დანაშაულებებთან მიმართებაში.

"მე ვფიქრობ, რომ აქ მთლიანად საზოგადოების და ხელისუფლების სხვადასხვა შტოების პასუხისგებლობაც უნდა დადგეს, გამომდინარე იქიდან, რომ მნიშვნელოვანია ეს პროცესი შეჩერდეს და უფრო მეტი ყურადღება იქნას გადატანილი პრევენციაზე, რათა მომავალში ავიცილოთ მსგავსი დანაშაულებების გაგრძელება", - აღნიშნა უჩა ნანუაშვილმა.

მისივე განცხადებით, მთავრობის მიერ ამ პრობლემების მოგვარებისთვის კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადაიდგას.