იუსტიციის სახლში სპეციალურად უცხოელთა მომსახურებისთვის განკუთვნილი სივრცე ამოქმედდება, - ამის შესახებ იუსტიციის სახლის აღმასრულებელმა დირექტორმა ირაკლი ლომიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, იუსტიციის სახლში საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა მომსახურება კიდევ უფრო მარტივდება და დღეიდან იუსტიციის სახლში მისულ უცხოელებს მხოლოდ მათი მომსახურებისთვის განკუთვნილი სამუშაო ადგილებიდან მიაწვდიან სერვისების განვითარების სააგენტოს სერვისს. მისივე თქმით, უცხოელთათვის სპეციალურად მომსახურების ადგილის გამოყოფის გადაწყვეტილება მას შემდეგ იქნა მიღებული, რაც ძალაში შევიდა მოქალაქეობის შესახებ კანონში ცვლილებები და უცხოელთა დაინტერესება გაიზარდა ბინადრობისა და იუსტიციის სამინისტროს კომპეტენციაში შემავალი სხვა საკითხების მიმართ.
იუსტიციის სახლში მისულ უცხოელს საკონსულტაციო სივრციდან პირდაპირ უცხოელთა მომსახურებისთვის განკუთვნილ ოპერატორებთან გადაამისამართებენ. მომსახურება ორ ენაზე, ინგლისურად და რუსულ ენაზე იწარმოებს. სერვისების მიღება უცხოელთათვის ორივე ენაზე იუსტიციის სახლის ყველა სერვისზე იქნება შესაძლებელი.
"ეს სიახლე უცხოელებს საშუალებას მისცემს მათთვის გასაგებ ენაზე მიიღონ ხარისხიანი მომსახურება. ისინი თავად აირჩევენ სასაუბრო ენას და მაღალკვალიფიციურ მომსახურებას მიიღებენ უკლებლივ ყველა სერვისზე, რომელსაც იუსტიციის სახლში გავცემთ. ჩვენ მოწოდებული ვართ იმისთვის, რომ მომხმარებელს მაქსიმალურად გავუმარტივოთ საქმე და მივაწოდოთ მაღალი ხარისხის სერვისი. აღნიშნული სიახლეც სწორედ ამ მიზანს ემსახურება", - განაცხადა ირაკლი ლომიძემ.
მისი ინფორმაციით, იუსტიციის სახლს სხვადასხვა სერვისის მისაღებად ყოველდღიურად რამდენიმე ასეული უცხოელი აკითხავს და იმისათვის, რომ საქართველოში მცხოვრებმა უცხოელებმა დროულად შეიტყონ აღნიშნული სერვისის შესახებ, იუსტიციის სახლმა უკვე დაუგზავნა შესაბამისი წერილები საქართველოში მოქმედ საელჩოებს და საკონსულოებს.