ირაკლი ღარიბაშვილი:  ალექსანდრე ჭიკაიძის საქმიანობა დასაფასებელია

ირაკლი ღარიბაშვილი: ალექსანდრე ჭიკაიძის საქმიანობა დასაფასებელია

ალექსანდრე ჭიკაიძის საქმიანობა დასაფასებელია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისივე შეფასებით, უწყება ცდილობს 24 საათის განმავლობაში ებრძოლოს კრიმინალს და ამავე დროს არ დაარღვიონ ადამიანის უფლებები.

"მინდა გითხრათ, რომ მე გავეცანი იმ კომპლექსურ ღონისძიებათა პრევენციულ გეგმას, რომელიც შეიმუშავა ბატონმა ჭიკაიძემ და მისმა უწყებამ. საბედნიეროდ, ჩვენ გვაქვს ის მიდგომები, რომელიც ნებისმიერ ცივილიზებულ ქვეყანაშია - ერთი მხრივ, მაქსიმალურად ვცდილობთ ადამიანის უფლებები არ დაირღვეს და მეორე მხრივ, ვაწარმოებთ უკომპრომისო ბრძოლას კრიმინალის წინააღმდეგ. ამ ბალანსის დაჭერაა ჩვენი მთავარი ამოცანა. ის საქმიანობა, რასაც აწარმოებს ბატონი ჭიკაიძე, დასაფასებელია - ისინი ცდილობენ 24 საათის განმავლობაში ებრძოლონ კრიმინალს და ამავე დროს არ დაარღვიონ ადამიანის უფლებები. ამას სჭირდება დაფასება", - აღნიშნა პრემიერმა.

ღარიბაშვილმა ამნისტირებულ პატიმრებზეც ისაუბრა და ხაზი გაუსვა, რომ საპატიმროებში მათი ბედი გაურკვეველი იყო.

"მათი ბედი აბსოლუტურად გაურკვეველი იყო. იყო ალბათობა, რომ მათი დიდი ნაწილი ციხიდან ცოცხალი ვერ გამოსულიყო. ისინი იყვნენ მსხვერპლნი არაადამიანური მოპყრობის, წამების, გაუპატიურების. მივიღეთ ჰუმანური აქტი და გამოვუშვით ციხეებიდან ათასობით პირი და მათ მივეცით შანსი, რომ მოეხდინათ რესოციალიზაცია და რეინტეგრაცია საზოგადოებაში. საბედნიეროდ, ბევრმა მათგანმა ეს ყველაფერი დააფასა, ბევრმა არ დააფასა და ისინი ბატონ მღებრიშვილის უწყებაში არიან მოკალათებულნი", - განაცხადა ღარიბაშვილმა.