საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი შს და იუსტიციის მინისტრებს დავალებით მიმართავს, იარაღის ტარებასთან დაკავშირებული რეგულაციები კიდევ უფრო გაამკაცრონ.
აღნიშნულის შესახებ პრემიერმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ისაუბრა და შს და იუსტიციის მინისტრებს შესაბამისი კანონპროექტის შემუშავება დაავალა. "ჩვენ კრიმინალთან ბრძოლის მიმართულბით ვართ უკომპრომისო. მინდა დაგავალოთ ბატონ ჭიკაიძეს და ქალბატონ წულუკიანს, რომ სასწრაფოდ შეიმუშაოთ შესაბამისი კანონპროექტი და მაქსიმალურად გაამკაცროთ იარაღის ტარებასთან დაკავშირებული ყველა ის მუხლი, რომელიც ამ წესებს არეგულირებს. ასევე მინდა მივმართო მშობლებს, რომლებიც საკუთარ შვილებს სახლიდან უშვებენ დილით, რომ ეს პრობლემა არა მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს ეხება, არამედ ეს გვეხება ყველას და ამას მაქსიმალური პასუხისმგებლობით უნდა მოვეკიდოთ", - განაცხადა ღარიბაშვილმა.
პრემიერის განმარტებით, ის უკვე გაეცნო შსს-ის მიერ მომზადებულ პრევენციულ ღონისძიებათა გეგმას. მისივე შეფასებით, ალექსანდრე ჭიკაიძის საქმიანობა დასაფასებელია.
"მინდა გითხრათ, რომ მე გავეცანი იმ კომპლექსურ ღონისძიებათა პრევენციულ გეგმას, რომელიც შეიმუშავა ბატონმა ჭიკაიძემ და მისმა უწყებამ. საბედნიეროდ, ჩვენ გვაქვს ის მიდგომები, რომელიც ნებისმიერ ცივილიზებულ ქვეყანაშია - ერთის მხრივ, მაქსიმალურად ვცდილობთ ადამიანის უფლებები არ დაიღვეს და მეორეს მხრივ, ვაწარმოებთ უკომპრომისო ბრძოლას კრიმინალის წინააღმდეგ. ამ ბალანსის დაჭერაა ჩვენი მთავარი ამოცანა. ის საქმიანობა, რასაც აწარმოებს ბატონი ჭიკაიძე, დასაფასებელია - ისინი ცდილობენ 24 საათის განმავლობაში ებრძოლონ კრიმინალს და ამავე დროს არ დაარღვიონ ადამიანის უფლებები. ამას სჭირდება დაფასება", - აღნიშნა პრემიერმა.
ღარიბაშვილმა ამნისტრირებულ პატიმრებზეც ისაუბრა და ხაზი გაუსვა, რომ საპატიმროებში მათი ბედი გაურკვეველი იყო.
"მათი ბედი აბსოლუტურად გაურკვეველი იყო. იყო ალბათობა, რომ მათი დიდი ნაწილი ციხიდან ცოცხალი ვერ გამოსულიყო. ისინი იყვნენ მსხვერპლნი არაადამიანური მოპყრობის, წამების, გაუპატიურების. მივიღეთ ჰუმანური აქტი და გამოვუშვით ციხეეებიდან ათასობით პირი და მათ მივეცით შანსი, რომ მოეხდინათ რესოციალიზაცია და რეინტეგრაცია საზოგადოებაში. საბედნიეროდ, ბევრმა მათგანმა ეს ყველაფერი დააფასა, ბევრმა არ დააფასა და ისინი ბატონ მღებრიშვილის უწყებაში არიან მოკალათებულნი", - განაცხადა ღარიბაშვილმა.