საქართველო ნატო-სთან თანამშრომლობის ახალ, გაძლიერებულ პაკეტს მიიღებს

საქართველო ნატო-სთან თანამშრომლობის ახალ, გაძლიერებულ პაკეტს მიიღებს

უელსში, ნატო-ს სამიტზე საქართველო ალიანსთან თანამშრომლობის ახალ, გაძლიერებულ პაკეტს მიიღებს. შესაბამისი განცხადება უკვე გააკეთა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, ანდერს ფოგ რასმუსენმა.

"ჩვენ გავაძლიერებთ ურთიერთობას ნატო-ს პარტნიორებთან, საქართველოს ჩათვლით. ჩვენი თანამშრომლობა ხანგრძლივად გაგრძელდება. 5 სექტემბერს კი ჩვენ თანამშრომლობის ახალ პაკეტს ავამოქმედებთ, საქართველოს თავდაცვის გაძლიერების დასახმარებლად და საქართველოს ნატო-ს წევრობის მოსამზადებლად", - დაწერა ანდერს ფოგ რასმუსენმა "ტვიტერზე".

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლია ალასანიამ კი ის პუნქტები განმარტა, რომელიც ნატო-საქართველოს თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადასვლას გულისხმობს.

"ნატო-საქართველოს პაკეტი პრაქტიკულად შეთანხმებულია ალიანსის წევრებთან, რომელიც ითვალისწინებს, საქართველოში გაიხსნას ნატო-სთან ერთობლივი საწვრთნელი ცენტრი, სადაც მოემზადებიან ნატოელი და პარტნიორი სამხედრო ქვედანაყოფები. ასევე მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებულ ძალებში წარმოგზავნილი იქნება ნატო-ს სამხედრო ექსპერტთა ჯგუფი, რომელიც კონკრეტულად გაუწევს შემუშავებული პაკეტის განხორციელებას, ცხოვრებაში გატარებას კონტროლს. მესამე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია - ნატო თანხმდება, საქართველოს თავდაცვითი შეიარაღების გაძლიერების, მოწოდების, შესყიდვის კუთხით მხარდაჭერა აღმოუჩინოს, რათა საქართველოს ჰქონდეს საშუალებები, თავი დაიცვას აგრესიის შემთხვევაში. ასევე გვითხრეს, რომ საქართველო გადადის ახალ ლიგაში", - განაცხადა ალასანიამ.

ნატო-ს სამიტი, რომელიც უელსში 4 სექტემბერს გაიხსნა, მუშაობას დღეს განაახლებს. უელსში იმყოფებიან საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია, საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე და სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ალექსი პეტრიაშვილი, უშიშროების საბჭოს მიდვანი ირინა იმერლიშვილი.