ხელისუფლებას მოუწევს სერიოზული ნაბიჯების გადადგმა და სასჯელაღსრულების დაწესებულებების თავიდან დატვირთვა, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" არასამთავრობო ორგანიზაცია "საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის" ხელმძღვანელმა გიორგი ტუღუშმა განუცხადა.
მისი თქმით, დანაშაულის სტატისტიკისა, რომლის მიხედვით, კრიმინოგენური ვითარება არ გაუარესებულა, არავის სჯერა და მოსახლეობას ყველაზე მეტად ეს პრობლემა აწუხებს.
"ახალი არ არის, რომ მასშტაბურ ამნისტიას თან ახლავს გარკვეული რისკები, განსაკუთრებით იმ მასშტაბისას, რომელიც განხორციელდა საქართველოში. დაახლოებით 60%-ით შემცირდა დაწესებულებებში მსჯავრდებულთა რაოდენობა. ამას თან ახლდა გარკვეული რისკები. გვახსოვს, რომ ჯერ კიდევ პრემიერ-მინისტრობის დროს, ბიძინა ივანიშვილმა აღიარა, რომ დანაშაულის მატება მოხდება, მაგრამ ამას გაგებით უნდა მოვეკიდოთო. ხელისუფლების ნაწილს სტრუქტურულად აწყობილი პოლიციის იმედი ჰქონდა, პოლიცია აწყობილი იყო, თუმცა სისტემის ჩამოშლა რაღაც დოზით მაინც მოხდა, ამაზე მიუთითებს სტატისტიკით მანიპულირება შსს-ს მხრიდან. მივიღეთ სურათი, როდესაც ახალმა ხელისუფლებამ გადადგა აბსოლუტურად გაუაზრებელი ნაბიჯები, აჰყვა პოლიტიკურ კონიუნქტურასაც, გარკვეულწილად შეასრულა დანაპირები, დღეს გვეუბნება, რომ "კრიმინალი არის შესანიშნავ მდგომარეობაში", თავს გვახვევს საკუთარ სტატისტიკას, რასაც მგონი არავინ ვეთანხმებით", - აღნიშნა გიორგი ტუღუშმა.
ყოფილი სახალხო დამცველი და სასჯელაღსრულების ყოფილი მინისტრი ბოლო პერიოდში გახშირებულ მკვლელობებს გამოეხმაურა. "ყოველდღიურად ხდება როგორც მძიმე, ასევე საკმაოდ მსუბუქი დანაშაულის ჩადენა. რაც შეეხება მკვლელობებს, ეს ხვდება მედიის თვალთახედვის არეალში და ჩვენ ამაზე მოგვეწოდება ინფორმაცია, თუმცა არსებობს IPM-ის კვლევა, სადაც 10%-ით არის იმ ადამიანების რაოდენობა გაზრდილი, ვინც ამბობს, რომ მას პირადად შეეხო ქურდობა. როდესაც პოლიცია ხედავს, რომ მესიჯი ზემოდან არის სხვაგვარი, შესაბამისად, მისი მოტივაციაც ეცემა. აქედან გამომდინარე, ჩვენ ერთი უკიდურესობიდან მივედით მეორეში და ვფიქრობ, ხელისუფლებას მოუწევს სერიოზული ნაბიჯების გადადგმა და სასჯელაღსრულების დაწესებულებების თავიდან დატვირთვა. ეს არ არის მხოლოდ ამნისტია, ეს არის ქმედებების მთელი კასკადი და იმ მესიჯების, რომლებიც მოდიოდა ხელისუფლების მხრიდან. ამან მოასუსტა გარემო და კრიმინალმა იფიქრა, რომ კვლავ მოვიდა მისი დრო. როდესაც დაბალი ეკონომიური განვითარების მქონე ქვეყანა ხარ, კრიმინალის მაჩვენებელი მაღალია. დღეს მოსახლეობას ყველაზე მეტად რაც აწუხებს, ეს არის კრიმინოგენური ვითარების გაუარესება", - განაცხადა ტუღუშმა.
იგი არ გამორიცხავს, რომ მაღაზიები დღეს ყიდიან გაცილებით მეტ იარაღს, რადგან მისი თქმით, უფრო მეტ ადამიანს გაუჩნდა სურვილი, სახლში შეინახოს იარაღი და დაიცვას თავი.
"როდესაც ჩნდება შიში, ამის შემდეგ იწყება მეტი რკინის კარის, მეტი გისოსის დამონტაჟება, სახლების პოლიციის კონტროლზე აყვანა და ა.შ. ჩვენ არ ვიყავით ჯერ იმ დონემდე, რომ სახლში კარი არ დაგვეკეტა, თუმცა გარკვეულწილად ყველას უნდა გაეაზრებინა ისიც, რომ ერთ სფეროში გაჩენილი პრობლემები ამსუბუქებდა მეორე ნაწილს. ბევრმა ევროპულმა სახელმწიფომ შეძლო დაებალანსებინა როგორც მკაცრი სისხლის სამართლის პოლიტიკა, ასევე დანაშაულთან ბრძოლა და, შესაბამისად, არ დაარღვია იმ პირთა უფლებები, რომლებსაც თავისუფლებას აღუკვეთავენ. ეს რთული იყო საქართველოში, იქიდან გამომდინარე, რომ არ იყო ფინანსური შესაძლებლობები და ქვეყანა ამისთვის იყო მოუმზადებელი. სჯობს ხელისუფლებამ რეალურად შეხედოს იმას, თუ რა პრობლემის წინაშე დგას. კრიმინალი არ შემცირდება, იგი მხოლოდ და მხოლოდ მოიმატებს, თუ ჩვენ კვლავ გავაგრძელებთ სტატისტიკით მანიპულირებას და სხვადასხვა პოლიტიკური მესიჯების სროლას. პოლიტიკა, ადამიანის უფლებები და მართლმსაჯულება როდესაც ერთმანეთში ერევა, ვიღებთ ძალიან ცუდ შედეგს და სამწუხაროდ საქართველოში ეს მუდმივად ასეა", - განაცხადა ტუღუშმა.
"ინტერპრესნიუსის" შეკითხვაზე, უნდა გამკაცრდეს თუ არა იარაღის შეძენა-შენახვა-ტარების რეგულაციები, GDI-ს ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ როდესაც ადამიანი სჩადის დანაშაულს, ამას დიდი ალბათობით, არ აკეთებს რეგისტრირებული იარაღით.
"საინტერესოა იმის მოძიება სტატისტიკურად, მომხდარი მკვლელობების დროს, რამდენჯერ იქნა გამოყენებული დამნაშავის მიერ რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი. ვეჭვობ, ადამიანი მაღაზიაში ნაყიდი იარაღით საყაჩაღოდ არ დადის. "პირველ რიგში პოლიციას კვლავ სჭირდება მოტივაციის ამაღლება, რომ უფრო ეფექტურად ებრძოლოს დანაშაულს, ასევე საჭირო იქნება საკანონმდებლო დონეზე კონკრეტული რეგულაციების კვლავ გამკაცრება. არ უნდა გავიმეოროთ ის შეცდომები, რაც დაუშვა წინა ხელისუფლებამ", - განაცხადა გიორგი ტუღუშმა.