უკრაინის პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ სამშვიდობო გეგმის განხორციელება დღეიდან დაიწყება

უკრაინის პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ სამშვიდობო გეგმის განხორციელება დღეიდან დაიწყება

უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო უშვებს ცეცხლის ორმხრივი შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იმ შემთხვევაში, თუ საკონტაქტო ჯგუფი სამშვიდობო გეგმასთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწევს. "უკრაინსკაია პრავდას" ინფორმაციით, ამის შესახებ პოროშენკომ ნიუპორტში, მსოფლიო ლიდერების ხუთეულთან შეხვედრისას განაცხადა.

"პარასკევს, 14:00 საათზე უნდა შედგეს სამმხრივი საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრა, რომელზეც ხელი მოეწერება დოკუმენტს, რომელიც სამშვიდობო გეგმის ეტაპობრივად განხორციელებას ითვალისწინებს და მასში პირველი ელემენტი იქნება ცეცხლის შეწყვეტა", - აღნიშნა უკრაინის ლიდერმა.

მისი თქმით, თუკი ეს შეხვედრა შედგება, ის გენერალურ შტაბს დაავალებს ცეცხლის ორმხრივ შეწყვეტას. პოროშენკო იმედოვნებს, რომ სამშვიდობო გეგმის განხორციელება 5 სექტემბრიდან დაიწყება. "თუკი ეს არ მოხდება, ჩვენი გადამწყვეტი მოქმედებების ალბათობა კონფლიქტის დეესკალაციასთან დაკავშირებით, ძალიან მაღალია. მაგრამ მინდა აღვნიშნო, რომ უკრაინა მშვიდობისკენ მიისწრაფვის და არ სურს ომი, დაიღალა ომისგან", - აღნიშნა პოროშენკომ.