ნატოს სამიტის მსვლელობისას დასავლეთის წამყვანი ქვეყნების ლიდერებმა მხარი დაუჭირეს იდეას რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებასთან დაკავშირებით. ამის შესახებ "ცენზორ.ნეტ" იუწყება.
აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიისა და იტალიის პირველი პირები გუშინ სამიტის ფარგლებში უკრაინელ კოლეგა პეტრო პოროშენკოს შეხვდნენ.
"ლიდერებმა კიდევ ერთხელ დაგმეს რუსეთის მიერ უკრაინის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის დარღვევის ფაქტი და შეთანხმდნენ, რომ რუსეთმა თავისი ქმედებებისთვის დიდი საფასური უნდა გადაიხადოს", - ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.
საფრანგეთის ლიდერმა ფრანსუა ოლანდმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სანქციების გამკაცრების საკითხი, რომელიც ევროკავშირმა დღეს უნდა დაამტკიცოს, დამოკიდებული იქნება უახლოეს საათებში განვითარებულ მოვლენებზე ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით.