"ოქროს ბარათის" ჯგუფის ქვეყნები არიან ისინი, რომლებიც გამოიკვეთნენ, როგორც ყველაზე თავსებადი პარტნიორები

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, ალექსი პეტრიაშვილის განცხადებით, "ოქროს ბარათის" ჯგუფის ქვეყნები ეს არის ქვეყნები, რომლებიც უკვე გამოიკვეთნენ, როგორც ყველაზე თავსებადი პარტნიორები. ამის შესახებ ალექსს პეტრიაშვილმა ჟურნალისტებს უელსში განუცხადა.

მისივე თქმით, ამ ჯგუფის ქვეყნებს ასევე განსაკუთრებული წვლილი აქვთ შეტანილი საერთაშორისო უსაფრთხოების ოპერაციებში. "სწორედ ამ ოპერაციების პროცესში გამოიკვეთა, რომ ეს ქვეყნები არიან ყველაზე მეტად თავსებადები.

ამ თვალსაზრისით, კონკრეტულად ზედმეტსახელიც კი არის უკვე შერქმეული ამ ჯგუფისთვის - ეს არის "ოქროს ბარათის" ჯგუფი. "ოქროს გუნდი" შეგვიძლია ჩვენებურად გადმოვთარგმნოთ, მაგრამ მე შემიძლია გითხრათ, რომ ყველა დამატებითი შესაძლებლობა, რომელიც გაჩნდება ამ პარტნიორობის შესაძლებლობების ინიციატივის კუთხით, თუ საქართველოსთვის განსაზღვრული პაკეტით, მიმართულია ერთი ყველაზე მთავრი მიზნისკენ - ეს არის საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების დაჩქარება", - განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა.

საქართველო, შვედეთთან, ფინეთთან, ავსტრალიასთან და იორდანიასთან ერთად, ნატო-ს უელსის სამიტზე ალიანსთან ურთიერთობის ახალ სტატუსს და "ოქროს ბარათს" მიიღებს. ინფორმაციას ამის შესახებ შვედური სააგენტო სვდ.სე ავრცელებს.

სააგენტოს ინფორმაციით, "ოქროს ბარათის" მიღების შემდეგ ეს ქვეყნები ნატო-ს ნომერ პირველ პარტნიორად განიხილებიან, რაც ნიშნავს ალიანსთან გაძლიერებულ თანამშრომლობას ნატო-ს წევრობის გარეშე.