უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს განცხადებით, ნატო-ს ზოგიერთი ქვეყანა თანახმაა უკრაინას ლეტალური იარაღი მიაწოდოს. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ პეტრო პოროშენკომ უელსის სამიტის ფარგლებში გამართული შეხვედრების შემდეგ განაცხადა.
"ჩვენი ორმხრივი შეხვედრების შემდეგ, პრაქტიკულად ყველა ქვეყანამ განაცხადა, რომ მხარს დაუჭერს უკრაინას. პირველ რიგში ეს ეხება სამხედრო-ტექნიკურ თანამშრომლობას", - აღნიშნა პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, მიღწეულია შეთანხმება, რომ უკრაინაში მიმდინარე ანტიტერორისტული ოპერაციის დროს დაჭრილი უკრაინელი ჯარისკაცების მკურნალობა ნატო-ს ქვეყნებში მოხდება.
უკრაინის პრეზიდენტმა ალიანსის წევრებს მხარდაჭერისთვის, მათ შორის ფინანსურისთვის, მადლობა გადაუხადა.
ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გადაწყვეტილებით, უკრაინას 15 მილიონ ევროს გამოუყოფენ.