საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ, უელსის ნატო-ს სამიტის ფარგლებში, გაერთიანებული სამეფოს ევროპულ საკითხთა სახელმწიფო მინისტრ დევიდ ლიდინგტონთან შეხვედრა გამართა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ნატო-ს სამიტის მიმდინარეობაზე, საქართველოს ალიანსში ინტეგრაციის პროცესზე, ამ კუთხით საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესსა და უელსის ნატო-ს სამიტის ფარგლებში საქართველოსთან დაკავშირებით მოსალოდნელ გადაწყვეტილებაზე ისაუბრეს.
შეხვედრაზე ასევე განიხილეს რეგიონში შექმნილი ვითარება, უკრაინის კრიზისი. შეხვედრისას მხარეები ასევე შეეხნენ ორმხრივი ურთიერთობის აქტუალურ საკითხებს.