პრეზიდენტმა ბაროზოსთან და რომპეისთან ევროკავშირში ინტეგრაციის პერსპექტივაზე იმსჯელა

პრეზიდენტმა ბაროზოსთან და რომპეისთან ევროკავშირში ინტეგრაციის პერსპექტივაზე იმსჯელა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა უელსის ნატო-ს სამიტის ფარგლებში შეხვედრა გამართა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ ჰერმან ვან რომპუისთან და ევროკომისიის პრეზიდენტ ჟოზე მანუელ ბაროზოსთან.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობის საკითხები განიხილეს და ინტეგრაციის პერსპექტივაზე იმსჯელეს. საუბარი ასევე შეეხო ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის თემატიკას.

საქართველოს პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა ამ ხელშეკრულების რატიფიკაციის მნიშვნელობა ევროპარლამენტისა და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მიერ.

როგორც გიორგი მარგველაშვილმა შეხვედრისას განაცხადა, მნიშვნელოვანია ევროპული ქვეყნების გამოცდილების გაზიარება აღნიშნული ხელშეკრულების მაქსიმალურად ეფექტიანად ამოქმედებისთვის. განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებას და ამ მიმართულებით ურთიერთობის განვითარებას.

შეხვედრისას საუბარი ასევე შეეხო რეგიონალურ უსაფრთხოების საკითხებს. მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს უკრაინის კრიზისზე, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ ვითარებასა და საქრთველო-რუსეთის ურთიერთობაზე.