საქართველოს პრეზიდენტი მისიაში მონაწილე წევრი ქვეყნების შეხვედრაზე სიტყვით წარსდგა

საქართველოს პრეზიდენტი მისიაში მონაწილე წევრი ქვეყნების შეხვედრაზე სიტყვით წარსდგა

საქართველოს პრეზიდენტი საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის ძალების (ISAF) მისიაში მონაწილე წევრი ქვეყნების შეხვედრას დაესწრო და სიტყვით გამოვიდა. გიორგი მარგველაშვილმა ნატო-ს გენერალურ მდივანს კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში საქართველოს ინტეგრაციის  ურყევი მხარდაჭერისთვის. ქვეყნის პირველმა პირმა ყურადღება საქართველოს წვლილზე გაამახვილა, რომელიც ქვეყანამ ამ მისიის ფარგლებში შეიტანა. მისი განცხადებით, ნატოს  არაწევრ ქვეყნებს შორის საქართველო ყველაზე დიდი კონტრიბუტორია და ქართველი ჯარისკაცები, ავღანეთის ეროვნული უსაფრთხოების ძალებისა და პარტნიორი ქვეყნების მხარდამხარ ყოველდღიურად, სულ უფრო მეტ პროფესიონალიზმსა და სიმამაცეს ავლენენ.

უსაფრთხოების საკითხებზე საუბრისას ქვეყნის პირველი პირი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების თემასა და უკრაინაში შექმნილ ვითარებას შეეხო. როგორც მან აღნიშნა, მაშინ, როდესაც ქვეყანას საკუთარი წვლილი შეაქვს უსაფრთხოების უზრუნველყოფაში, დედამიწის ერთ ნაწილში, ქართველებს თავად აქვთ უსაფრთხოების პრობლემები მისი ტერიტორიების ოკუპაციისა და მილიტარიზაციის სახით. საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოში 2008 წელს, ხოლო უკრაინაში 2014 წელს განვითარებული მოვლენები ცხადყოფს, რომ ახალგაზრდა დემოკრატიების სტაბილურობა და მშვიდობიანი განვითარება მნიშვნელოვანი გამოწვევაა მთლიანად ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის. მან იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს პარტნიორები სათანადოდ შეაფასებენ საქართველოსთვის მტკივნეულ საკითხებს.

საქართველოს პრეზიდენტი საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის ძალების (ISAF) მისიაში მონაწილე წევრი ქვეყნების შეხვედრას საქართველოს პრეზიდენტთან ერთად ესწრებოდნენ საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია, საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ალექსი პეტრიაშვილი.