"Euractiv" აქვეყნებს ექსკლუზიურ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როგორ დაკომპლექტდება ევროკომისია. მიუხედავად იმისა, რომ ევროკომისიის მომავალი პრეზიდენტი ჟან-კლოდ იუნკერი ჯერ კიდევ ევროკომისრების შერჩევის პროცესშია, Euractiv-მა მოიპოვა დოკუმენტი, თუ როგორ იქნება პორტფელები გადანაწილებული. კერძოდ, შემოდის რამდენიმე ახალი თანამდებობა, ხოლო შიდა ბაზრისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისრის თანამდებობები უქმდება.
სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისრის პოსტზე ავსტრიელი იოჰანეს ჰენის კანდიდატურა განიხილება, თუმცა გაურკვეველია, ექნება თუ არა მას შეხება გაფართოების საკითხებთან, ვინაიდან, როგორც აღინიშნა, გაფართოების საკითხებში ევროკომისრის პორტფელი ახალი ორგანიზაციის ახალ სტრუქტურაში აღარ ფიგურირებს.
ერთ-ერთი ვერსიით, გაფართოების ბიურო შესაძლოა, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელს დაექვემდებაროს.
აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ ერთი თვის წინ ევროკომისიის სპიკერმა პიტერ სტანომ სპეკულაცია უწოდა ინფორმაციას იმის შესახებ, რომ გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარ შტეფან ფულეს ახალი ევროკომისიის ფარგლებში მემკვიდრე არ ეყოლება, ვინაიდან 2019 წლამდე ევროკავშირის გაფართოება მოსალოდნელი მაინც არ არის.
ჩეხი დიპლომატი შტეფან ფულე გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისრის პოსტს 2010 წლიდან იკავებს.
ევროკომისიის მოქმედ შემადგენლობას მიმდინარე წლის შემოდგომაზე ვადა ეწურება. უკვე ცნობილია, რომ ევროკომისიას ჟოზე მანუელ ბაროზოს ნაცვლად, ჟან-კლოდ იუნკერი უხელმძღვანელებს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პოსტზე ჰერმან ვან რომპეის პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი შეცლის, ხოლო ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კი, ქეთრინ ეშტონის ნაცვლად, იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი ფედერიკა მოგერინი იქნება.
ევროკავშირის ლიდერები დონალდ ტუსკისა და ფედერიკა მოგერინის კანდიდატურებზე 30 აგვისტოს ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე შეთანხმდენ. დონალდ ტუსკი მეორე პოლონელია, რომელიც ერჟი ბუზეკის შემდეგ, რომელიც 2009-2012 წლებში ევროპარლამენტს თავმჯდომარეობდა, ევროკავშირის სტრუქტურებში ერთ-ერთ უმაღლეს თანამდებობას დაიკავებს. რაც შეეხება ფედერიკა მოგერინის, მის კანდიდატურაზე ევროკავშირის ლიდერები ჯერ კიდევ ორი თვის წინ გამართულ შეხვედრაზე ვერ შეთანხმდნენე, თუმცა ახლა გადაწყვეტილება იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრის სასარგებლოდ იქნა მიღებული. ერთადერთი ლიდერი, ვინც მოგერინის მხარდაჭერისგან თავი შეიკავა ლიტვის პრეზიდენტი დალია გრიბაუსკაიტე იყო, რომლისთვის იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრის კანდიდატურა მისი "პრორუსული პოზიციების" გამო აღმოჩნდა მიუღებელი.