რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ტალინში, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ბარაქ ობამას გამოსვლას ირონიულად უპასუხა და მისი ცოდნა ისტორიასა და გეოგრაფიაში დაიწუნა. "რია ნოვოსტის" ინფორმაციით, ამის შესახებ ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს "ფეისბუქის" გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
მათივე ინფორმაციით, ესტონეთის დედაქალაქში აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ "წარსულში დაბრუნება, მეფეების პერიოდში და მცდელობა მიწების დაბრუნების, რომელიც მე-19 საუკუნეშია დაკარგული, ეს არ არის მეთოდი, რომლითაც რუსეთს შეუძლია 21-ე საუკუნეში თავისი სიდიადის შესახებ განაცხადოს".
"შეკითხვა ისტორიის მოყვარულებისთვის: რა ჰქონდა მხედველობაში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, როდესაც რუსეთის ტერიტორიებზე საუბრობდა, რომლებიც მე-19 საუკუნეშია დაკარგული? - ნათქვამია განცხადებაში.
აქვე აღნიშნულია, რომ ერთადერთი მსხვილი ტერიტორია, რომელიც რუსეთს მე-19 საუკუნეში ხელშეკრულების თანახმად ჩამოშორდა, არის ალიასკა, რომელიც დღეს აშშ-ის შემადგენლობაშია.
"1867 წელს ნახევარკუნძული და მიმდებარე კუნძულები აშშ-ის 7,2 მილიონ დოლარად მიეყიდა. გულისხმობდა თუ არა ამას აშშ-ის პრეზიდენტი, არ განუმარტავს. აშშ-ის ხელისუფლების წარმომადგენლები არაერთხელ იქნენ შემჩნეულები გეოგრაფიულ ლაფსუსებში", - ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.