იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე კომიტეტის სხდომებზე ძირითადი წევრის ადგილმონაცვლით ჩანაცვლების პრაქტიკაში პრობლემას ვერ ხედვას. როგორც ხმალაძე აცხადებს, კომიტეტს არანაირი უფლება არა აქვს მოითხოვოს განმარტება, რატომ ესწრება კომიტეტის ძირითადი წევრის ნაცვლად, მისი უფლებამონაცვლე.
ხმალაძე ყურადღებას რეგლამენტის იმ ჩანაწერზე ამახვილებს, რომლის მიხედვითაც, ფრაქციას და კომიტეტის წევრს უფლება აქვს ერთი სესიის განმავლობაში უფლებამონაცვლეობის წესი ხუთჯერ გამოიყენონ.
"ხშირად ადგილმონაცვლეების საკითხი დგება მაშინ, როდესაც პარლამენტის წევრი მივლინებაშია. ასეთ დროს კომიტეტის წევრმა ადგილმონაცვლე რომც არ გამოგზავნოს, კომიტეტის სხდომის გაცდენა საპატიოა, მაგრამ ადგილმონაცვლის გამოგზავნის უფლებას იმის გამო ვიყენებთ, რომ კომიტეტის სხდომა შედგეს, რადგან თუკი კომიტეტის სხდომას წევრთა ნახევარზე მეტი არ ესწრება, კომიტეტი მუშაობას ვერ იწყებს. იმის გათვალისწინებით, რომ ძალიან ხშირად "ნაციონალური მოძრაობის" წევრები კომიტეტის სხდომებს საერთოდ არ ესწრებოდნენ, ადგილმონაცვლეზე კი ლაპარაკი არ არის და რატომღაც, ყველას გაცდენის მიზეზად ოჯახური მდგომარეობა აქვს, კვორუმი უნდა უზრუნველგვეყო მხოლოდ უმრავლესობის წევრებით – ყველა უნდა ყოფილიყო, რომ სხდომა უფლებამოსილი ყოფილიყო მუშაობა დაეწყო. ამის გამო, როცა უმრავლესობის წევრები მივლინებაში იყვნენ, უფლებამონაცვლეებს აგზავნიდნენ. მაგალითად, ჩვენი კომიტეტის ერთ-ერთი წევრი გიორგი კახიანი გუშინ ქუთაისში პლენარულ სხდომაზე და კომიტეტის სხდომაზე იყო, მაგრამ დღეს კომიტეტის სხდომაზე იმის გამო არ არის, რომ შეხვედრები დაგეგმილი აქვს თავის საარჩევნო ოლქში – სამტრედიაში, ამის გამო კი ფრაქციამ უფლებამონაცვლე წარმოადგინა. ასეთი რაღაცეები ხდება და კანონი ამის შესაძლებლობას იძლევა. ჩვენ იმის უფლებაც არა გვაქვს ვიკითხოთ, თუ რატომ გამოიგზავნა უფლებამონაცვლე. რეგლამენტით გათვალისწინებული უფლებაა, კომიტეტის წევრი უფლებამონაცვლით შეიცვალოს, რაც ერთი სესიის განმავლობაში შეიძლება მოხდეს მხოლოდ ხუთჯერ", - განმარტავს ვახტანგ ხმალაძე.
თბილისში, პარლამენტში დღეს კომიტეტების პირველი სხდომები გაიმართა. 12:00 საათზე იურიდიულ საკითხთა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომები იყო დანიშნული, თუმცა არც ერთი ზუსტ დროს არ დაწყებულა, რადგან კვორუმისთვის საჭირო რაოდენობის დეპუტატები დანიშნულ დროს პარლამენტში არ მივიდნენ. კომიტეტის სხდომები დაახლოებით 20-30 წუთის დაგიანებით, ადგილმონაცვლე წევრების დახმარებით გაიხსნა. საკომიტეტო სხდომებზე "ნაციონალური მოძრაობის" არც ერთ წარმომადგენელს მონაწილეობა არ მიუღია.