მოლოდინები, რომ მოქალაქეებს აფთიაქებში რაიმე მნიშვნელოვანი დაბრკოლებები შეექმნებოდათ, არ მართლდება, - ამის შესახებ საქართველოს შრომის , ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ ახალი რეგულაციებით მედიკამენტების გაცემასთან დაკავშირებული საკითხის კომენტირებისას განაცხადა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, პროცესი აბსოლუტურად მშვიდად, შეფერხების გარეშე მომდინარეობს.
"რეგულაცია, რომელიც 1-ელ სექტემბერს ამოქმედდა, თავისი შინაარსით ახალი არ არის, არამედ დავიწყებულის აღდგენაა. ყველა ნორმალური ქვეყანა მუშაობს ასე და საქართველოშიც სანამ არ გაუქმდებოდა, ასე იყო. პროცესი, მიუხედავად წინა პერიოდის მართლაც დიდი მღელვარებისა, მიდის აბსოლუტურად მშვიდად, ჩვენ გვაქვს ყოველდღიური მონაცემები საქართველოს მასშტაბით 500 სამედიცინო დაწესებულებიდან, ასევე სააფთიაქო ქსელიდან. პროცესი მიდის აბსოლუტურად მშვიდად, შეფერხების გარეშე და ის მოლოდინები, რომ რაიმე მნიშვნელოვანი დაბრკოლებები შეექმნებოდათ მოქალაქეებს, არ რეალიზდა", - აღნიშნა დავით სერგეენკომ.