ნატო-საქართველოს ახალი პაკეტი შეიცავს ელემენტებს, რომელმაც ჩვენი თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერება უნდა უზრუნველყოს , - ამის შესახებ ჟურნალისტებს ნატო-ში საქართველოს ელჩმა ლევან დოლიძემ განუცხადა.
ქართველი დიპლომატის განმარტებით, ახალი პაკეტით საქართველო ნატო-ს კიდევ უფრო დაუახლოვდება.
"გვაქვს ნატო-საქართველოს პაკეტის დამტკიცების მოლოდინი, რომელიც შეიცავს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვან ელემენტებს, მათ შორის იმ ელემენტებს, რომელმაც უნდა უზრუნველყოს საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერება და ქვეყნის კიდევ უფრო დაახლოება ჩვენს მისწრაფებებთან, ანუ ნატო-ში გაწევრიანებასთან. ამ მხრივ, ასევე აღსანიშნავია, რომ მოკავშირეებთან მიმდინარეობს საკმაოდ აქტიური და ინტენსიური კონსულტაციები სამიტის დეკლარაციის შესახებ. ჩვენ თითქმის ყოველდღიურ კომუნიკაციაში ვართ ჩვენს მოკავშირეებთან", - განაცხადა ლევან დოლიძემ.
ელჩი იმედოვნებს, რომ უელსში საქართველო მაქსიმალურ შედეგს მიაღწევს.
"სამიტის ფარგლებში დაგეგმილია საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე შეხვედრა ასპირანტ ქვეყნებთან, მათ შორის საქართველოსთანაც, რაც წარმოადგენს კიდევ ერთ მნიშვნელოვან ნაბიჯს, ვინაიდან ჩიკაგოს სამიტზე დაფიქსირებული ფორმატის გამეორებას დიდი მნიშვნელობა აქვს. ასევე ჩვენს თავსებადობის ხაზგასმას ნატოსთან ადასტურებს ის ფაქტიც, რომ შედგება შეხვედრა ალიანსის ყველაზე თავსებად პარტნიორებთან, მათ შორის საქართველოსთან, რომლის ფარგლებშიც განხილულ იქნება თავსებადობის შენარჩუნების, მისი კიდევ უფრო გაღრმავების საკითხები და ზოგადად ყველა ის საკითხი, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი შეიარაღებული ძალების თავსებადობის უზრუნველყოფას სამხედრო ალიანსის სტანდარტებთან. ასე, რომ ვიმედოვნებთ, საქართველო მიაღწევს თავის მაქსიმალურ შედეგს", - აღნიშნა ქართველმა დიპლომატმა.