5-6 სექტემბერს აღმოსავლეთ საქართველოში პერიოდულად ძლიერი წვიმებია მოსალოდნელი. როგორც "ინტერპრესნიუსს" გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის ჰიდრომეტეოლოგიური სამსახურის უფროსმა სვეტლანა ნიორაძემ განუცხადა, ამაღამ, 5 და 6 სექტემბრის ღამით აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ძლიერი წვიმა, განსაკუთრებით ჩრდილოეთის მაღალმთიანეთში. კერძოდ, გუდაურში, სტეფანწმინდასა და დევდორაკის ხეობაში.
6 სექტემბერს აღმოსავლეთ საქართველოში ჰაერის საშუალო ტემპერატურა 27-32 გრადუსი იქნება.
სინოპტიკოსების პროგნოზით, დასავლეთ საქართველოში 8-9 სექტემბერს ჰაერის საშუალო ტემპერატურა 29-33 გრადუსი იქნება.
ნიორაძის ინფორმაციით, შემდეგი ერთი კვირის განმავლობაში, აღნიშნული დღეების გარდა, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ცხელი ამინდი შენარჩუნდება. დასავლეთ საქართველოში ჰაერის საშუალო ტემპერატურა 35 გრადუსამდე იქნება, აღმოსავლეთ საქართველოში კი, 29-34 გრადუსია მოსალოდნელი.