ვცდილობთ დავუმტკიცოთ ჩვენს პარტნიორებს, რომ ჩვენ მათთვის ახალი შესაძლებლობა ვართ

ვცდილობთ დავუმტკიცოთ ჩვენს პარტნიორებს, რომ ჩვენ მათთვის ახალი შესაძლებლობა ვართ

უნდა იყოს საერთო მიდგომა იმ ქვეყნებისადმი, რომლებიც ექცევიან რუსეთის გავლენის ქვეშ, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ლონდონის საერთაშორისო საქმეთა ინსტიტუტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისივე თქმით, ეს მიდგომა გაზიარებული უნდა იყოს მოკავშირეების მიერ.

"ინტერვიუს დროს ჩვენ ყურადღება გავამახვილეთ, რომ რუსმა პოლიტიკოსებმა ძალიან მკაფიოდ დააფიქსირეს, თუ რა სურთ მათ, როგორ ხედავენ მომავალს განსაკუთრებული ინტერესის სფეროების არსებობის მიმართებით. ისინი საკმაოდ გარკვევით საუბრობდნენ ამ საკითხებზე. ისინი ამბობენ, რომ რუსეთის ფედერაციას აქვს უფლება და შესაძლებლობა, რომ იყოს ძირითადი მოთამაშე ამ დამოუკიდებელ ტერიტორიებზე, ამ დამოუკიდებელ ქვეყნებში და ის, რის წინაშეც ახლა ჩვენ ვდგავართ, არის არა მხოლოდ კონკრეტულად ყირიმის ან ლუგანსკის შემთხვევა, არამედ გეოპოლიტიკური თეორიის განხორციელება და გამოვლენა და ეს საკმაოდ გასაგებად ითქვა", - აღნიშნა პრეზიდენტმა.

გიორგი მარგველაშვილმა მოკავშირეებისადმი გზავნილებზე ისაუბრა. "ახლა კი, როცა საქართველოს შესახებ ვფიქრობთ და ეს ჩვენი და უკრაინელი პარტნიორების კოორდინირებული მცდელობაა, გვსურს, რომ შემუშავდეს არა მხოლოდ პერიოდული ეფექტიანი საპასუხო ზომები, არამედ შემუშავდეს ზოგადი მიდგომა ისეთი ქვეყნებისადმი, როგორებიცაა საქართველო და უკრაინა. უნდა იყოს საერთო მიდგომა იმ ქვეყნებისადმი, რომლებიც ექცევიან რუსეთის გავლენის ქვეშ. ეს მიდგომა გაზიარებული უნდა იყოს ჩვენი მოკავშირეების მიერ. ეს არის ჩვენი გზავნილი მოკავშირეებისადმი: თუკი რუსეთს ვაპატიებთ გავლენის სფეროების ქონას, თუ რუსეთის ეს მისწრაფება მიღებული და გაზიარებული იქნება, მაშინ, უსაფრთხოების თვალსაზრისით, ჩვენი მომავალი კიდევ უფრო გართულდება არა მხოლოდ ამ ქვეყნებში, არამედ ზოგადად მთელ ევროპაში", - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

მისივე მოსაზრებით, სტაბილური უკრაინა და სტაბილური საქართველო, სტაბილური ეკონომიკითა და უსაფრთხო გარემოთი, რუსეთისთვის შესაძლებლობებს უფრო წარმოქმნის, ვიდრე საფრთხეს.

"ჩვენ ვსაუბრობთ ჩვენი ქვეყნების მეტ ჩართულობაზე ევროპულ სტრუქტურებში, ჩვენ ვსაუბრობთ ჩვენი ქვეყნების მეტ ჩართულობაზე ჩრდილო-ატლანტიკურ სტრუქტურებში და ჩვენ ვსაუბრობთ იმ ქმედებებზე, რომლებიც შექმნის უფრო დადებით გარემოს ჩვენი ქვეყნებისთვის, ევროპისათვის და უფრო მეტიც, რუსეთისათვის, რადგან, მე ვფიქრობ და ეს არ არის ძნელად გასაგები მეცნიერული საკითხი, რომ სტაბილური უკრაინა, სტაბილური საქართველო, სტაბილური ეკონომიკითა და უსაფრთხო გარემოთი, რუსეთისთვის შესაძლებლობებს უფრო წარმოქმნის, ვიდრე საფრთხეს. ეს არის შესაძლებლობა რუსული ბიზნესისა და მოსახლეობისათვის, რათა ჰყავდეთ უკეთესი მეზობლები, რუსეთის ფედერაციის მოსაზღვრე ყველა ქვეყანა იყოს მეგობრული და არა ჰქონდეთ სამხედრო მიზნები მის წინააღმდეგ, არ ქმნიდნენ საფრთხეს ამ ქვეყნისათვის", - განაცხადა პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, რუსეთის პრობლემები არ წყდება საქართველოსა და უკრაინის ან სხვა რომელიმე მეზობლის მიმართ აგრესიით.

"ამ ქვეყნების დამოუკიდებელი არჩევანი ემსახურება მეტი დაცულობისა და სტაბილურობის იდეას, ხოლო ევროპისა და ნატოს მოქმედებებს რუსეთისთვის სირთულე არ შეუქმნია. შეიძლება პირიქითაც ითქვას - ბალტიისპირეთის ქვეყნები ამის შესანიშნავი მაგალითია, ეს არის რუსეთის საზღვრის ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო მონაკვეთი. ამ ქვეყნებთან რუსეთს აქვს არა მხოლოდ სავაჭრო ურთიერთობა, არამედ აკავშირებს პარტნიორობა ნატოს გარკვეულ რთულ სამხედრო საკითხებთან დაკავშირებით, პროექტებთან, რომლებიც ეხება ალიანსსაც და რუსეთსაც. ასე რომ, ჩვენ ვცდილობთ დავუმტკიცოთ ჩვენს პარტნიორებს, ასევე პოლიტიკოსებს რუსეთის ფედერაციიდან, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არა გვაქვს მათთან დიპლომატიური ურთიერთობა, ჩვენ არ ვქმნით საფრთხეს, არამედ ჩვენ ვართ ახალი შესაძლებლობა მათთვის", - განაცხადა პრეზიდენტმა ლონდონის საერთაშორისო საქმეთა ინსტიტუტში სიტყვით გამოსვლისას.