უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტმა მესამე დოკუმენტი მიიღო. რეზოლუციას 81-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.
რეზოლუციაში საქართველოს პარლამენტი გმობს სუვერენული უკრაინის მიმართ განხორცილებულ აგრესიას და რუსეთის ფედერაციას მოუწოდებს, უარი თქვას ნებისმიერი პოლიტიკური თუ ეკონომიკური ხასიათის უთანხმოების ძალისმიერი მეთოდით გადაჭრის მცდელობაზე.
საქართველოს პარლამენტის რეზოლუცია შემდეგი შინაარსისაა:
"საქართველოს პარლამენტი კიდევ ერთხელ მიუთითებს უკრაინაში განვითარებული მოვლენების შესახებ თავის 2014 წლის 23 იანვრის განცხადებასა და 2014 წლის 6 მარტის რეზოლუციაში ჩამოყალიბებულ მიდგომებზე.
ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დასავლელი პარტნიორი სახელმწიფოების მონაცემებით, რუსეთი არა თუ მხარს უჭერს, წვრთნის, აიარაღებს და აფინანსებს უკრაინის სამხრეთ აღმოსავლეთ ნაწილში მოქმედ სეპარატისტულ ძალებს, არამედ დაუფარავ სამხედრო აგრესიას ახორციელებს მეზობელი, სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ.
სახეზეა დაძაბულობის შემდგომი ესკალაციისა და ორ სახელმწიფოს შორის ფართომასშტაბიანი სამხედრო დაპირისპირების პერსპექტივა, რაც აშკარა საფრთხეს უქმნის რეგიონალურ, ისევე, როგორც საერთაშორისო მშვიდობას და სტაბილურობას.
განსაკუთრებით შემაშფოთებელია მზარდი მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში, უსახლკაროდ დარჩენილთა რაოდენობისა და დევნილთა ნაკადის ზრდა.
მიუხედავად საერთაშორისო დონეზე მიღებული გამაფრთხილებელი მოწოდებების და სხვადასხვა ფორმატში წარმოებული მოლაპარაკებებისა, რუსეთი არღვევს საერთაშორისოდ აღიარებულ სამართლის ნორმებს და პრინციპებს, როგორც ეს საქართველოსთან მიმართებაში დღემდე ხორციელდება 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ.
აღნიშნულიდან გამომდინარე საქართველოს პარლამენტი:
1. კიდევ ერთხელ უცხადებს სოლიდარობას უკრაინის ხელისუფლებასა და ხალხს. ადასტურებს მტკიცე მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი.
2. სრულად უჭერს მხარს საქართველოს მთავრობის მიერ გამოხატულ პოზიციას უკრაინაში შექმნილ კრიზისულ მდგომარეობასთან დაკავშირებით და მის ძალისხმევას უკრაინის დასახმარებლად
3. გმობს აგრესიას სუვერენული უკრაინის მიმართ, რაც არა მარტო ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ნორმებსა და პრინციპებს, არამედ შეუქცევადს ხდის საომარი მოქმედებების ესკალაციის პროცესს, რაც კატასტროფულ შედეგებს მოუტანს საერთო ევროპულ უსაფრთხოებას. განაპირობებს ჰუმანიტარულ კრიზისს და ადამიანის უფლებების მასობრივ დარღვევას.
4. მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, უარი თქვას ნებისმიერი პოლიტიკური თუ ეკონომიკური ხასიათის უთანხმოების ძალისმიერი მეთოდით გადაჭრის ცდელობაზე და მხარს უჭერს საერთაშორისო თანამეგობრობას, ისევე, როგორც უკრაინის ხელისუფლების ძალისხმევას კრიზისის მოლაპარაკების გზით დაძლევის უზრუნველსაყოფად.
5. მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა რესურსი უკრაინის ტერიტორიაზე საომარი მოქმედებებისა და აგრესიის შეჩერების, დაძაბულობის დეესკალაციისა და ჰუმანიტარული პრობლემების მოგვარების მიზნით.
6. მოუწოდებს ნატოსა და ევროკავშირს, მიიღოს ეფექტური ზომები როგორც უკრაინის, ასევე საქართველოსა და მოლდოვის რესპუბლიკის უსაფრთხოების გაძლიერების და ამ მიზნით ერთიანი ევროატლანტიკურ სისტემაში ინტეგრაციის დაჩქარებისთვის.
რეზოლუცია მმართველმა გუნდმა მოამზადა. პარლამენტს "ნაციონალურმა მოძრაობამ" რეზოლუციის ალტერნატიული ვარიანტი შესთავაზა, თუმცა ის კენჭიყსრაზე არ დამდგარა, რადგან ბიუროზე არ იყო რეგისტრირებული. "ნაციონალურმა მოძრაობამ" აღნიშნული დოკუმენტის მხადაჭერისგან თავი შეიკავა.