ჩვენ უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ საქართველოსა და მოლდოვას დასახმარებლად

ჩვენ უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ საქართველოსა და მოლდოვას დასახმარებლად

ჩვენ უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ ნატო-ს სხვა პარტნიორების, მათ შორის საქართველოსა და მოლდოვას დასახმარებლად, მათი თავდაცვის გასაძლიერებლად. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა , ბარაკ ობამამ ესტონეთში, ბალტიისპირეთის ქვეყნების პრეზიდენტებთან შეხვედრის შემდეგ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, ნატო-მ კონკრეტული ვალდებულებები უნდა აიღოს, რათა დაეხმაროს უკრაინას მოდერნიზებასა და უსაფრთხოების ძალების გაძლიერებაში.

როგორც ბარაკ ობამამ აღნიშნა, უკრაინაში რუსეთის მიერ განხორციელებული ქმედებები ასუსტებს უკრაინას.

"რუსეთის ქმედებები უკრაინაში აზარალებს რუს ხალხს. ჩვენ ვერ მივიღებთ რუსეთის მიერ ყირიმის ან უკრაინის რომელიმე ნაწილის ოკუპაციასა და უკანონო ანექსიას. უკრაინაში რუსეთის შეიარაღებული ძალები ჰუმანიტარული მისიით არ შესულან, ეს რუსული საბრძოლო ძალები არიან რუსული იარაღით და რუსული ტანკებით", - განაცხადა ბარაკ ობამამ.

როგორც ესტონეთში სიტყვით გამოსვლისას აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, ბალტიის ქვეყნებმა მსოფლიოს უჩვენეს, თუ რისი მიღწევაა შესაძლებელი, როდესაც თავისუფალი ხალხი ერთიანდება ცვლილებებისთვის. მისივე თქმით, ქვეყნები უფრო მეტად წარმატებული არიან, როდესაც მის მოქალაქეებს თავისუფალი არჩევანის საშუალება აქვთ.

ესტონეთში ვიზიტით მყოფი ბარაკ ობამა ტალინიდან უელსში გაემგზავრება, სადაც ნატო-ს სამიტს დაესწრება.