იუსტიციის მინისტრმა საერთაშორისო ლიდერთა ფორუმის − "დემოკრატიული რეფორმების მომავალი: თანამედროვე სახელმწიფოს მშენებლობა 21-ე საუკუნეში" − მონაწილეებს იუსტიციის სახლში უმასპინძლა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" იუსტიციის სამინისტროდან აცნობეს, თეა წულუკიანმა სახელმწიფოს მშენებლობისა და პოლიტიკური რეფორმების სფეროს ყველაზე ავტორიტეტულ ექსპერტებს ფრენსის ფუკუიამასა და ერიკ ჯენსენს, აგრეთვე მსოფლიოს 13 ქვეყნის 30-ზე მეტ დელეგატს იუსტიციის სახლის კონცეფცია გააცნო და თვითმომსახურების, სწრაფი და ხანგრძლივი მომსახურების სივრცეები დაათვალიერებინა.
იუსტიციის სახლში მოწყობილი სპეციალური ტურის ფარგლებში ლიდერთა ფორუმის დელეგატებს საშუალება ჰქონდათ, დაკვირვებოდნენ სერვისების პროცედურებს. იუსტიციის მინისტრი სტუმრებს საჯარო სექტორში გატარებული რეფორმების შესახებ ესაუბრა და სამომავლოდ დაგეგმილი სიახლეები გააცნო.
ფრენსის ფუკუიამას განმარტებით, იუსტიციის სახლის მსგავსი მოდელი მას არასდროს უნახავს და მისთვის ძალიან საინტერესო იყო იმ კონცეფციის გაცნობა რასაც "ყველაფერი ერთ სივრცეში" ჰქვია.
ერიკ ჯენსენის თქმით კი, ნანახმა მოლოდინს გადააჭარბა და ქართველი ხალხი უნდა ამაყობდეს წარმატებით განხორციელებული რეფორმით, რაც მოქალაქეებისათვის სერვისის შეუფერხებლად მიწოდებას უზრუნველყოფს.
როგორც იუსტიციის მინისტრმა აღნიშნა, დელეგაციის წევრები აღფრთოვანებულები არიან იმით, თუ როგორ შეძლო იუსტიციის სამინისტრომ და ამჟამინდელმა მთავრობამ შეენარჩუნებინა ის, რაც არის კარგი წამოწყება და განევითარებინა იდეა, რომელიც სულ ახალი დაბადებული იყო 2012 წლის ზაფხულში.
"დღეს მე შემიძლია ამაყად ვთქვა, რომ იუსტიციის სახლი, მათ შორის, თბილისის ფილიალი, არის უკვე გამართული როგორც ინფრასტრუქტურული, ასევე, სერვისების კუთხით და აგრძელებს შთაბეჭდილების მოხდენას ყველა უცხოელ სტუმარზე და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ის უყვარს საქართველოს ყველა მოქალაქეს",-განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.
მსოფლიოს წამყვანი ექსპერტები საქართველოში საერთაშორისო ლიდერთა ფორუმის ფარგლებში იმყოფებიან. ისინი იმ პოლიტიკურ და ეკონომიკურ პროცესებზეც მსჯელობენ, რომლებიც ქვეყნების სტაბილურ, მშვიდობიან, დემოკრატიულ ტრანსფორმაციას უზრუნველყოფს; ხელს უწყობს ღია ინკლუზიური საზოგადოებებისა და თანამედროვე დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობას. განიხილავენ ეკონომიკური ზრდის, კანონის უზენაესობის, მმართველობის რეფორმისა და უსაფრთხოების საკითხებს. დელეგატების განსაკუთრებული ყურადღების საგანი საქართველოს გამოცდილებაა, რათა გამოიკვეთოს ის პრიორიტეტული საკითხები, რომლებიც ხელს შეუწყობს ქვეყნის მიერ მიღწეული დემოკრატიული განვითარების სამომავლო განმტკიცებას.
იუსტიციის მინისტრმა მონაწილეობა საერთშორისო ფორუმის მუშაობაშიც მიიღო. თეა წულუკიანი კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებებისა და სასამართლოს რეფორმის საკითხებისადმი მიძღვნილი სესიის წინაშე სიტყვით წარსდგა. სემინარს მოდერაციას სტენფორდის უნივერსიტეტის ექსპერტი ერიკ ჯენსენი უწევდა.