არავითარი საფუძველი არ არსებობს ვიფიქროთ, რომ კრიმინოგენური მდგომარეობა გაუარესდა

არავითარი საფუძველი არ არსებობს ვიფიქროთ, რომ კრიმინოგენური მდგომარეობა გაუარესდა

"ნაციონალური მოძრაობის" წევრების მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ ქვეყანაში კრიმინოგენური ვითარება გაუარესდა , წმინდა წყლის პოლიტიკურია და ყოველგვარ რეალურ საფუძველს მოკლებულია, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ლევან იზორიამ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა.

იზორია "ნაციონალური მოძრაობის" წევრების ამ განცხადებას სამინისტროს დისკრედიტაციის მცდელობით ხსნის. "მინდა დავამშვიდო საზოგადოება. არავითარი საფუძველი იმისა, ვიფიქროთ, რომ კრიმინოგენური მდგომარეობა გაუარესდა, არ არსებობს", - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

მანვე სტატისტიკა მოიშველია, რომლის მიხედვითაც, 2011 წლის აგვისტოს თვეში ზუსტად იგივე რაოდენობის, კერძოდ, 11 მკვლელობა მოხდა, როგორც მიმდინარე წლის აგვისტოში. იზორიას განცხადებით, ყველა ეს მკვლელობა უკვე გახსნილია.

მინისტრის მოადგილემ ასევე წარმოადგინა 2011, 2012, 2013, 2014 წლების სტატისტიკა და აღნიშნა, რომ მონაცემები თითქმის ერთნაირია. ხოლო თუ წინათ მკვლელობების გაშუქება იშვიათად ხდებოდა, დღეს თითქმის ყველა მკვლელობა შუქდება.

"ამაში პირველ რიგში ჩვენი სამინისტროს საინფორმაციო სამსახური და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური იჩენს აქტივობას და აწვდის საზოგადოებას ინფორმაციას", - განაცხადა იზორიამ.

მისივე თქმით, თუ "ნაციონალურ მოძრაობას" ეჭვი ეპარება და უნდობლობას უცხადებას სტატისტიკას, შეუძლია სიზუსტისთვის ჩაიწეროს ყველაფერი და შეადაროს სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ სტატისტიკას. იზორია "ნაციონალურ მოძრაობას" მოუწოდებს, თავი დაანებოს მოსახლეობის მოტყუებას. რაც შეეხება მკვლელობების პრევენციას, როგორც იზორიამ აღნიშნა, უწყება გაორმაგებული ენერგიით მუშაობს, თუმცა უმრავლეს შემთხვევაში მკვლელობები ხდება მეგობრებსა და ნათესავებს შორის და იშვიათად უცნობებს შორის.

"აქედან გამომდინარე, იმის პრევენცია, რა მოხდება სუფრის შემდეგ ნათესავებს შორის, ძალიან რთულია. რაც არ უნდა დახვეწილი იყოს პოლიცია, ამის პრევენციას ვერ შეძლებს. ასეთი ფაქტები სამწუხაროდ მომავალშიც იქნება, უბრალოდ ჩვენ ყველანი თქვენთან ერთად ვიქნებით მოწოდებული და ენერგიას არ დავიშურებთ, რომ შევამციროთ მათი რაოდენობა, თუმცა ამის აბსოლუტურად ნულამდე დაყვანა შეუძლებელია", - განაცხადა შს მინისტრიეს მოადგილემ.

მანვე აღნიშნა, რომ თუნდაც ივლისის თვეში მხოლოდ ერთი მკვლელობა დაფიქსირდა და აქედან გამომდინარე წინასწარ მკვლელობების რაოდენობის განსაზღვრა შეუძლებელია. "კონკრეტული ინტერესი აქვს საზოგადოებას, იყო თუ არა ამნისტია მიზეზი იმისა, რომ იმატა დანაშაულმა. გეუბნებით კონკრეტული ციფრებით, რომ არა. ეს რეალობა იყო 2011-შიც და 2012-შიც", - განაცხადა იზორიამ.