საქართველო, შვედეთთან, ფინეთთან, ავსტრალიასთან და იორდანიასთან ერთად, ნატო-ს უელსის სამიტზე ალიანსთან ურთიერთობის ახალ სტატუსს და "ოქროს ბარათს" მიიღებს. ინფორმაციას ამის შესახებ შვედური სააგენტო svd.se ავრცელებს.
სააგენტოს ინფორმაციით, "ოქროს ბარათის" მიღების შემდეგ ეს ქვეყნები ნატოს ნომერ პირველ პარტნიორად განიხილებიან, რაც ნიშნავს ალიანსთან გაძლიერებულ თანამშრომლობას ნატო-ს წევრობის გარეშე.
ამასთან, როგორც ბრიუსელში რამდენიმე დღის წინ, სამიტამდე გამართულ ბოლო პრესკონფერენციაზე ნატო-ს გენერალურმა მდივანმა განაცხადა, ალიანსი საქართველოში სამხედრო-საწვრთნელი ცენტრის ჩამოყალიბებას განიხილავს. მისივე თქმით, საქართველოსთვის ახალი პაკეტის გადაცემა კიდევ უფრო დაახლოებს ქვეყანას ნატო-სთან. როგორც ანდერს ფოგ რასმუსენმა განაცხადა, ალიანსი ასევე აპირებს ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის გაძლიერებას საქართველოში.