რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი იმედოვნებს, რომ კიევი და დონბასი საბოლოო შეთანხმებას 5 სექტემბერს მიაღწევენ.
"რია ნოვოსტის" ინფორმაციით, სწორედ ამ დროს არის დაგეგმილი მინსკში საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრა. "საბოლოო შეთანხმება, კიევის ხელისუფლებასა და უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთს შორის, ვფიქრობ, მიღწეული და გამყარებული იქნება 5 სექტემბერს დაგეგმილი საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაზე", - განუცხადა ჟურნალისტებს ვლადიმერ პუტინმა.
უკრაინის პრეზიდენტის პრესსამსახურმა დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა და ისინი აღმოსავლეთ უკრაინაში ცეცხლის მუდმივი შეწყვეტის თაობაზე შეთანხმდნენ. თუმცა, მოგვიანებით, პოროშენკოს ადმინისტრაციამ გავრცელებული ინფორმაცია შეცვალა.
"პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბრის შედეგად მიღწეულია შეთანხმება აღმოსავლეთ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმზე", - ნათქვამია უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განახლებულ განცხადებაში.