შესაბამისი ხელშეკრულება საქართველოს მთავრობასა და მსოფლიო ბანკს შორის დღეს გაფორმდა.
საფინანსო ხელშეკრულება საქართველოს ელექტროგადამცემი ქსელის გაუმჯობესების პროექტის განსახორციელებლად 60 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის შეღავათიანი ფინანსური რესურსის გამოყოფას ითვალისწინებს.
ხელშეკრულებას ხელი ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა და მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში ჰენრი კერალიმ მოაწერეს. ხელმოწერის ცერემონიას ენერგეტიკის მინისტრი, ვიცე-პრემიერი კახა კალაძე დაესწრო.
პროექტის მიზანი ელექტროგადამცემი ქსელის სამხრეთ-დასავლეთი ნაწილის სტაბილურობის გაუმჯობესებაა.
პროექტის მიხედვით დაგეგმილია ახალციხიდან ბათუმამდე მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობა.
აღნიშნული პროექტი ქვესადგური „ბათუმის“ და მთლიანად აჭარა-გურიის რეგიონების ელექტროენერგიით მომარაგების საიმედოობის გაზრდას უზრუნველყოფს.
,,საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ის მხარდაჭერა, რომელსაც მსოფლიო ბანკი ახორციელებს ენერგეტიკულ სფეროში. ელექტროგადამცემი ქსელის გაძლიერების პროექტი, რომელსაც ხელი მოვაწერეთ, უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის ენერგოსისტემის ეფექტურობის, ენერგოდამოუკიდებლობისა და ენერგოუსაფრთხოების გაზრდას, აგრეთვე ელექტროენერგიის ექსპორტის ხელშეწყობას“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა.
ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძის თქმით კი, საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობისთვის ყველაფერი უნდა გაკეთდეს.
„ჩვენ ვიწყებთ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას. ენერგეტიკა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დარგია ჩვენს ქვეყანაში და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა საქართველო გახდეს ენერგეტიკულად დამოუკიდებელი ქვეყანა. აღნიშნული პროექტი ხელს შეუწყობს ჩვენი სისტემის საიმედოობის გაზრდას, დანაკარგების შემცირებას და ზოგადად, ახალი ჰიდროელექტროსადგურებიდან მიღებული ელექტროენერგიის მაღალი გამტარუნარიანობის უზრუნველყოფას“, - აღნიშნა ენერგეტიკის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ.
პროექტს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ განახორციელებს. შესაბამის ხელშეკრულებას დღესვე ხელი მოაწერეს საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის გენერალურმა დირექტორმა სულხან ზუმბურიძემ და მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში, ჰენრი კერალიმ.
„მნიშვნელოვანია, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხები ძირითადად გამოყენებული იქნება საქართველოს ელექტროგადამცემი ქსელის გაუმჯობესების პროექტის განსახორციელებლად. პროექტი ითვალისწინებს როგორც გადამცემი სისტემის საიმედოობის გაზრდას, ისე გაუმჯობესებული ინფრასტრუქტურის მეშვეობით ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის გაძლიერებას“, - განაცხადა მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში ჰენრი კერალიმ.