,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" შინაგან საქმეთა მინისტრის ალექსანდრე ჭიკაიძის გათავისუფლებას ითხოვს. აღნიშნული განცხადება უმცირესობის დეპუტატმა ირმა ნადირაშვილმა პარლამენტში დღეს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
მისი თქმით, ბოლო პერიოდში ქვეყანაში კრიმინოგენური შემთხვევები გაიზარდა რაც იმაზე მიუთითებს, რომ ჭიკაიძე მასზე დაკისრებულ მოვალეობას ვერ ასრულებს.
,,რადენიმე დღის წინ ადიგენში მამაკაცმა რამდენიმე ახალგაზრდა სიცოცხლეს გამოასალმა. მკვლელობა მოხდა გუშინ ბარნოვზე, ერთმა ამნისტირებულმა მოკლა მეორე. ასევე გუშინ ეთნიკურად აზერბაიჯანელი მამაკაცი მოკლეს და ეს არის მცირე ჩამონათვალი რაც ხდება დღეს ქვეყანაში. სიტუაცია არის აღმაშფოთებელი და ძალიან საშიში. იმ ზღვარზეა მისული ყველაფერი, რომ ადამიანებს გვეშინა ჩვენი ოჯახის წევრის გარეთ გასვლა რამე ცუდი შედეგით არ დასრულდეს. ეს არის "ოცნების" მთავრობის უუნარობის შედეგი. როდესაც ახალგაზრდა ადამიანებს ასალმებენ სიცოცხლეს, ამას აკეთებენ ამნისტირებული ადამიანები და ალბათ, ეკა ბესელია უმრავლესობასთან ერთად გრძნობს პასუხისმგებლობას და თანამონაწილეობას ამ მკველოლობებში. დღეს საქართველოს ჰყავს შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე, რომელსაც აქვს ერთადერთი დამსახურება და ღირსება, რომ მისი მამა იყო ჰაკიმ ფაშას სიმამრის ნათესავი და ახლო მეგობარი. სხვა მხრივ, ის ვერ აკონტროლებს სიტუაციას. ის არის არაადეკვატური და ხალხის მხრიდან მასხარად აგდებული. ამიტომ ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" მოუწოდებს პრემიერ-მინისტრს, დაუყოვნებლივ გადააყენოს ჭიკაიძე დაკავებული თანამდებობიდან, რათა ეს საგანგაშო სიტუაცია ოდნავ მაინც შემცირდეს", - განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.