მერია იმ კომერციული ბანკიდან აიღებს, რომელიც ყველაზე დაბალ პროცენტს შესთავაზებს

მერია იმ კომერციული ბანკიდან აიღებს, რომელიც ყველაზე დაბალ პროცენტს შესთავაზებს

30 მილიონი ლარის სესხის აღებას მერია იმ კომერციული ბანკიდან მოახდენს, რომელიც ყველაზე დაბალ პროცენტს შესთავაზებს , - ამის შესახებ ჟურნალისტებს დღეს თბილისის მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ განუცხადა.

დავით ნარმანიას თქმით, თუ წლის ბოლომდე ბიუჯეტში დეფიციტური მდგომარეობა იქნება, ასეთ შემთხვევაში მერია მოახდენს სესხის აღებას. ნარმანიას თქმით, ჯერჯერობით საკრებულოსგან ითხოვეს თანხმობა, რომ საკრედიტო ხაზი გაეხსნათ. მერის თქმით, კომერციული ბანკების შერჩევა კონკურსის წესით მოხდება და ის ბანკი, რომელიც მერიას ყველაზე დაბალ პროცენტს შესთავაზებს, სესხსაც მათგან აიღებენ. დედაქალაქის მერმა იმედი გამოთქვა, რომ სესხის აღება არ დასჭირდებათ, ხოლო თუ ეს აუციელებელი გახდება, მომავალი წლის ბიუჯეტით შეძლებენ დაფარონ აღებული სესხი.

დავით ნარმანიამ ასევე კომენტარი გააკეთა თუ რატომ არ მოხდა სესხის აღება ცენტრალური ბიუჯეტიდან. ნარმანიას თქმით, ცენტრალურ ბიუჯეტში ასახული არ ყოფილა თბილისის თვითმმართველობისათვის სესხის გაცემა. ამდენად, სახელმწიფო ბიუჯეტიდან პირდაპირ სესხს მერია ვერ მიიღებს. დედაქალაქის მერის განცხადებით, რჩებოდა მეორე გზა, რომ სესხი საჭიროების შემთხვევაში, კომერციული ბანკიდან აიღონ.

ნარმანიას შეფასებით, ბიუჯეტში დეფიციტური სიტუაცია შექმნა იმან, რომ წინასაარჩევნოდ "ნაციონალურმა მოძრაობამ" თითქმის სრულად ამოწურა ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამების თანხები, ასევე ამხანაგობების პროგრამისთვის გათვალისწინებული სახსრები.

თბილისის მერი ასევე ურჩევს ყოფილ მაღალჩინოსნებს, ამჟამად საკრებულოს წევრებს ეყოთ ვაჟკაცობა და დაასახელონ 7 თვის განმავლობაში თუ რა მოცულობის პრემია აქვთ აღებული, წინააღმდეგ შემთხვევაში, ნარმანია აცხადებს, რომ უახლოეს პერიოდში თავად დაასახელებს ამ ციფრებს.

ამასთან, როგორც ჟურნალისტებს თბილისის მერის მოადგილემ გიორგი ხელაიამ განუცხადა, სესხის აღების შესახებ გადაწყვეტილებას თბილისის ხელმძღვანელობა მთავრობასთან უახლოეს მთავრობის სხდომაზე შეათანხმებს, რის შემდეგადაც გაირკვევა, სესხის აღებისთვის როგორ მოხდება კომერციული ბანკის შერჩევა.