სამართალდამცავი სტრუქტურა მთლიანად ჩამოინგრა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის წევრმა, გივი თარგამაძემ დღევანდელ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, უკვე მაისში იყო ნიშნები, რომ ეს ჩამოქცევა სრული ტემპით მიმდინარეობდა.
"ბატონ ხუნდაძესთან ერთად მივულოცავდი დაზღვევის შემოღებას ადამიანებს, მაგრამ სამწუხაროდ სულ უფრო მეტ ახალგაზრდას ეს დაზღვევა აღარ დასჭირდება, რადგან ისინი ცოცხლები აღარ არიან", - აღნიშნა დეპუტატმა.
თარგამაძემ ბოლო დროის ფაქტები გაიხსენა, როდესაც, მისი თქმით, ადიგენში საჯარო რეესტრის ხელმძღვანელმა "ვინჩესტერით" თავში საკონტროლო გასროლით მოკლა, 22, 24 და 26 წლის ახალგაზრდები, ერთი კი მძიმედ დაჭრა, იმავე დღეს კახეთში 84 წლის მამაკაცმა თოფით 36 წლის ახალგაზრდა მოკლა, ბაკურიანში მამაკაცმა ქალბატონი მოკლა, თბილისში ავლაბარში 20 წლის ადრე ნასამართლევმა ადამიანმა დიჯეი დანით მოკლა, გუშინ თბილისში, ბარნოვზე ამნისტირებული 27 წლის ახალგაზრდა ასევე ამნისტირებულმა ახალგაზრდამ იარაღიდან გასროლით მოკლა, ლილოს დასახლებაში ათნიკურად აზერბაიჯანელი მოკლეს.
დეპუტატის განცხადებით, სუს-ის სპეცრაზმის ხუთი წარმომადგენელი ლილოს დასახლებაში რესტორტანში დაჭრეს. 5 სპეცრაზმელის დაჭრა კი, როგორც მან აღნიშნა, ნიშნავს იმას, რომ ან მათ მომზადებაშია პრობლემა ან მათ მოტივაციაში.
თარგამაძემ სვანეთში მომხდარი ფაქტიც გაიხსენა, რა დროსაც, მისი განცხადებით, იმავე მესტიაში პოლიციელმა ხელმძღვანელებმა ქვეშევრდომები სცემეს, შემდეგ ჩაკეტეს და არ გამოუშვეს.
"ამას იმიტომ ვთვლი, რომ ამას ხედავს ზუსტად საზოგადოება. ეს არის ერთ-ერთი ნიშანი იმისა, რომ სამართალდამცავი სტრუქტურა მთლიანად ჩამოინგრა. შეხვდით გაგებით ამ ყველაფერს. ბიძინა ივანიშვილმა პრაქტიკულად დააანონსა ეს მკვლელობები, რადგან მისცა რა საშუალება ქალბატონ ბესელიას ამ უპრეცენდენტო ამნისტიისა, იცოდა, რომ ზუსტად ასეთ მკვლელობებთან გვექნებოდა საქმე. წინასწარ დაგვიბარა გაგებით მოვეკიდოთ და თვითონ წავიდა", - დასძინა გივი თარგამაძემ.