საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერი ნუგზარ წიკლაური კრიმინოგენური მდგომარეობის კუთხით ქვეყანაში შექმნილ ვითარებას "ბაკქანალიას" უწოდებს.
როგორც წიკლაურმა პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, შექმნილ სიტუაციაში არ შეიძლება, შინაგან საქმეთა სამინისტროს მოქმედი მინისტრი მართავდეს.
"უმძიმესი კრიმინალური ფონი და პოლიციის, როგორც ინსტიტუტუტის სრული განადგურება არის ის, რასაც დღეს ჩვენ ვხედავთ საქართველოს სხვადასხვა ქალაქში და განსაკუთრებით თბილისში. ადამიანების მკვლელობები, არასასურველ მოწმეთა გატაცებები, პოლიტიკურ ოპონენტებზე ფიზიკური თავდასხმები, ჩვენებების გამოძალვა, პოლიციელების ცემა დაიწყეთ თვითონ პოლიციის შენობებში - ვერ წარმოიდგენთ, როგორ მემუდარებოდა პოლიციელი რომან ყორშია ტელეფონით (დარწმუნებული ვარ, მოსმენილი ექნება სათანადო ორგანოებს), რომ მეშველა მისთვის, რადგან მასზე ხორციელდებოდა თავდასხმა. ამიტომ ჩვენი აღშფოთება ბუნებრივია. ასეთი მინისტრი არ შეიძლება მეთაურობდეს ისეთ მნიშვნელოვან უწყებას, როგორიცააა შინაგან საქმეთა სამინისტრო", თუმცა საკითხი დგას გაცილებით ფართოდ – მთელი ხელისუფლება გახდა უუნარო", - განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.
მისი შეფასებით, არ არის სფერო, რომელშიც ხელისუფლებას წინსვლა ჰქონდეს, იქნება ეს პენსიები, ინფრასტრუქტურული პროექტები, იპოთეკართა პრობლემა თუ სხვა.
"ორი წელი გაილია და ორი საქმე ვერ გააკეთეთ. პოლიტიკურ შურისძიებას გადააყოლეთ ხალხიც და საქართველოც. მალე დაინახავთ რომ მარტო ყივილით და ყეფით, მით უმეტეს ოპონენტების ლანძღვა-გინებით ეს ქვეყანა ვერ აშენდება. მალე მიხვდებით, თუ რა სიცერიელის წყაროა ეს თქვენი კერპი ივანიშვილი", - მიმართა წიკლაურმა უმრავლესობის წევრებს.