უმცირესობის წევრის, გიგი წერეთლის აზრით, მედიკამენტების რეცეპტით გაცემა "ძალიან სერიოზულ დისკომფორტს" შექმნის.
ამასთან დაკავშირებით ამოქმედებულ ახალ რეგულაციებზე გიგი წერეთელმა პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე ისაუბრა.
გიგი წერეთლის აზრით, სისტემა ცვლილებისთვის ამ ეტაპზე მზად არ იყო.
"ბუნებრივია, საჭიროა, რომ რაციონალურად მოიხმარდნენ მედიკამენტებს მოქალაქეები, მაგრამ მიგვაჩნია, რომ პრეპარატების ასეთი ფართო წრის ჩართვა ამ სისტემაში, მაშინ როცა ჯანდაცვის სტრუქტურა, განსაკუთრებით რეგიონულ დონეზე ამისთვის მზად არ არის, ადამიანებს შეუქმნის ძალიან დიდ ბარიერს, ძალიან სერიოზულ დისკომფორტს და ამას ვნახავთ. არაფერს ვამბობ იმაზე, რომ დინამიკაში, ალბათ, გაიზრდება ფასებიც და არ ვფიქრობ, რომ ამას კარგი და პოზიტიური გავლენა ექნება მოქალაქეების ჯანმრთელობაზე", - განაცხადა გიგი წერეთელმა.
დეპუტატის განმარტებით, სხვა მეთოდებითაც შეიძლება ვებრძოლოთ სააფთიაქო ნარკომანიას.
"მიგვაჩნია, რომ ძალიან ნაადრევი იყო მედიკამენტების ასეთი ფართო წრის ჩართვა ამ სისტემაში", - აღნიშნა წერეთელმა.