რუსეთმა, აფხაზეთმა და ე.წ. სამხრეთ ოსეთმა შესაძლოა, სამხედრო ბლოკი შექმნან. როგორც "იზვესტია" წერს, რუსეთისა და ოკუპირებული აფხაზეთის ახალი შეთანხმება , რომელიც წლის ბოლომდე ერთიანი უსაფრთხოების სისტემის კონტურების შექმნას ითვალისწინებს, შესაძლოა, სამმხრივი გახდეს და "რუსეთმა, აფხაზეთმა და სამხრეთ ოსეთმა ნატო-ს ანალოგი შექმნან". აღნიშნულ ინიციატივაზე ცხინვალის რეგიონის მიერთების საკითხზე მოლაპარაკებების მიმდინარეობა აფხაზეთში ცხინვალის რეგიონის ე.წ. ელჩმა ოლეგ ბოციევმა დაადასტურა.
"იზვესტიის" ინფორმაციით, აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები ადასტურებენ, რომ "საუბარია ძლიერი ბლოკის შექმნაზე, ნატო-ს ანალოგზე". რაც შეეხება იმას, თუ რატომ გახდა აუცილებელი ცალკე ბლოკის შექმნა, საქმე იმაშია, რომ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებს არ შეუძლიათ შეუერთდნენ ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების მიერ შექმნილ კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციას, ვინაიდან ორგანიზაციის სხვა წევრები, გარდა რუსეთისა, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობას არ აღიარებენ.