"ისლამური სახელმწიფო" პუტინს კავკასიისა და ჩეჩნეთის გათავისუფლებით ემუქრება

დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" "ბოევიკებმა" ინტერნეტში ვიდეომიმართვა გაავრცელეს, სადაც კავკასიისა და ჩეჩნეთის გათავისუფლებით იმუქრებიან. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ტელეკომპანია Al-Arabiya-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც ვიდეომიმართვიდან ჩანს, "ისლამური სახელმწიფოს" "ბოევიკები" პირადად რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ემუქრებიან სირიის პრეზიდენტს ბაშარ-ალ ასადისთვის იარაღის მიწოდების გამო.

Youtube-ზე ატვირთულ ვიდეოში, რომელსაც რუსული სუბტიტრები ახლავს, ავიაგამანადგურებელში მჯდომი ისლამისტი მებრძოლი ამბობს, რომ "ისლამური სახელმწიფო" გაათავისუფლებს ჩეჩნეთსა და კავკასიას ალაჰის სახელით.

ვიდეოში ასევე გადაღებულია რუსული საბრძოლო ტექნიკა, რომელზეც მებრძოლები ამბობენ, რომ სწორედ ამ ტექნიკით კლავენ მათ ძმებს.

"ეს გზავნილი შენთვისაა, ვლადიმერ პუტინ. ეს შენი თვითმფრინავებია, რომელიც შენ ბაშარს გამოუგაზავნე. ჩვენ და ჩვენი ალაჰი კი მათ შენ გამოგიგზავნით. გახსოვდეს ეს! ჩვენ ალაჰის შემწეობით ჩეჩნეთსა და მთელ კავკასიას გავათავისუფლებთ. ხალიფატის ისლამური სახელმწიფო არის და იქნება და ფართოვდება ალაჰის წყალობით. შენი ტახტი უკვე შერყეულია და საფრთხის ქვეშ არის. ჩვენ უკვე გზაში ვართ", - ნათქვამია "ისლამური სახელმწიფოს" ვიდეომიმართვაში.

დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლებმა ივნისში ერაყის ჩრდილოეთით და დასავლეთით მდებარე რამდენიმე ქალაქი დაიკავეს. ივლისში ერაყში "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ ბრძოლების შედეგად 1700 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის უმრავლესობა მშვიდობიანი მოსახლეობა.

აგვისტოს დასაწყისში დაჯგუფების წინააღმდეგ ოპერაცია დაიწყო აშშ-მა. მას შემდეგ ამერიკელებმა ტერორისტების პოზიციებზე 100-ზე მეტი საჰაერო დარტყმა მიიტანეს.

აგვისტოში "ისლამურმა სახელმწიფომ" ინტერნეტით გაავრცელა ვიდეო, სადაც სირიაში გატაცებული ამერიკელი ჟურნალისტის ჯეიმს ფოლისთვის თავის მოკვეთის კადრები იყო ასახული. გუშინ "ისლამური სახელმწიფოს" "ბოევიკებმა" კიდევ ერთ ამერიკელ ჟურნალისტს სტივენ სოტლოფს მოკვეთეს თავი. როგორც ვიდეოშია აღნიშნული, ჟურნალისტის დასჯა ეს არის ამერიკის საფასური აშშ-ის სამხედრო ინტერვენციაზე.