საქართველო ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის მეორე ფაზაზე გადადის

საქართველო ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის მეორე ფაზაზე გადადის

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თამარ ბერუჩაშვილის განცხადებით, საქართველომ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის პირველი ფაზით განსაზღვრული ვალდებულებები შეასრულა.

როგორც ბერუჩაშვილმა საგარეო უწყებაში საქართველო-ევროკავშირს შორის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის საკითხებზე სამუშაო ჯგუფის შეხვედრამდე განაცხადა, საქართველომ მართლაც მასშტაბური და შთამბეჭდავი შედეგები აჩვენა. მინისტრის მოადგილემ იმედი გამოთქვა, რომ ქვეყანა მეორე ფაზის ამოცანებსაც ასეთივე წარმატებით განახორციელებს.

რაც შეეხება დღევანდელ შეხვედრას, ბერუჩაშვილის განმარტებით, დღეს დაიგეგმება ახალი კალენდარი და მოხდება ყველა ვალდებულების დანაწილება კონკრეტული უწყებებისთვის.

“საგარეო საქმეთა სამინისტრო, როგორც კოორდინატორი უწყება, ევროკომისიის შესაბამის სამსახურებთან აქტიურად თანამშრომლობს ევროკავშირის ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულების საკითხებზე. აღსანიშნავია, რომ საქართველომ სამოქმედო გეგმის პირველი ფაზით განსაზღვრული ვალდებულებები შეასრულა, კერძოდ, მიღებული იყო 45-მდე საკანონმდებლო ცვლილება და 30 კანონქვემდებარე აქტი, ასევე, 8 სტრატეგია, ამასთან, განხორციელდა 7 საერთაშორისო კონვენციის რატიფიცირება”, - განაცხადა ბერუჩაშვილმა.

მისივე თქმით, წინასწარი დასკვნებით, ევროკომისია პირველი ფაზით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას პოზიტიურად აფასებს, ამჟამად კი მუშაობა მიმდინარეობს ევროკომისიის მეორე ანგარიშზე, რომელიც მეორე ფაზაზე გადასვლას დაედება საფუძვლად.