აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა ესტონეთის დედაქალაქში ჩავიდა. ინფორმაციას ამის შესახებ "ბიბისის" ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, ბარაკ ობამა ტალინში შეხვდება ესტონეთის პრეზიდენტს ტომას ჰენრიკ ილვესს, ლიტვის პრეზიდენტს დალია გრიბაუსკაიტეს და ლატვიის პრეზიდენტს ანდრის ბერზინშს.
თეთრი სახლის განცხადებით, ესტონეთში ვიზიტისას აშშ-ის პრეზიდენტი ხაზს გაუსვამს, რომ დაუშვებელია დიდი ქვეყნების მიერ თავიანთი პატარა მეზობლების ტერიტორიული ხელშეუხებლობის შეგნებული დარღვევა.
როგორც "ბიბისის" კორესპონდენტი გევინ ჰევითი აღნიშნავს, ბალტიისპირეთის ქვეყნებში გაურკვევლობაა მას შემდეგ, რაც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთს აქვს ინტერვენციის უფლება რუსულენოვანი მოსახლეობის ინტერესთა დაცვის მიზნით.
"ბიბისის" ინფორმაციით, ესტონეთში ვიზიტის შემდეგ ბარაკ ობამა უელსში, ნატო-ს სამიტზე დასასწრებად გაემგზავრება.