"გლობალური კონკურენტუნარიანობის ანგარიშში" საქართველომ პოზიციები გაიუმჯობესა

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის 2014-2015 წლის "გლობალური კონკურენტუნარიანობის ანგარიშში" საქართველომ პოზიციები გაიუმჯობესა და 4,2 ქულით 72-ე ადგილიდან 69-ე პოზიციაზე გადაინაცვლა.

ამის შესახებ მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ყოველწლიურ ანგარიშშია ნათქვამი.

"გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსის" სტრუქტურას 12 კომპონენტი შეადგენს, რომლებიც სამ ძირითად ბლოკად იყოფა: 1. ძირითადი მოთხოვნები – ინსტიტუტების არსებობა, ინფრასტრუქტურა, მაკროეკონომიკური გარემო, პირველადი განათლება და ჯანდაცვა; 2. ე.წ. ეფექტიანობის კატალიზატორები – უმაღლესი განათლება და პროფესიული მომზადება, სასაქონლო ბაზრის ეფექტიანობა, შრომის ბაზარი, ფინანსური ბაზრის ეფექტიანობა, ტექნოლოგიური მზაობა, ბაზრის ზომა; 3. ინოვაციური ფაქტორები – ბიზნესის წარმოების დახვეწილობა და ინოვაცია.

ძირითად მოთხოვნებში საქართველოს პოზიცია 9 საფეხურით გაუმჯობესდა და 57-ე ადგილიდან 48-ე პოზიციაზე გადაინცვლა. ეფექტურობის მასტიმულირებელ ფაქტორში საქართველო 79-ე პოზიციაზეა, ინოვაციური ფაქტორების მაჩვენებელში კი 118-ე პოზიციაზე.

2014-2015 წლის "გლობალური კონკურენტუნარიანობის ანგარიშში" 148 ქვეყნის მაჩვენებელია შეფასებული. რეიტინგში საქართველოს ჩამორჩებიან უკრაინა (76-ე პოზიცია), მოლდოვა (82), სომხეთი (85). რეიტინგის პირველ ხუთეულში არიან შვეიცარია, სინგაპური, აშშ-ი, ფინეთი და გერმანია.