საფერავის ფასი უპრეცედენტოდ მაღალია და ისტორიულ მაქსიმუმს შეადგენს

საფერავის ფასი უპრეცედენტოდ მაღალია და ისტორიულ მაქსიმუმს შეადგენს

ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ლევან დავითაშვილი საფერავზე ფასის შემცირებას ადასტურებს, თუმცა აცხადებს, რომ წლევანდელი ფასი მაინც უპრეცედენტოდ მაღალია და ისტორიულ მაქსიმუმს შეადგენს.

როგორც ლევან დავითაშვილმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, საფერავის ფასი შარშანდელთან შედარებით 50 %-ით გაზრდილია.

"რიგი საინფორმაციო საშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ მოსახლეობა ყურძნის დაბალ ფასებს აპროტესტებს. ფასი დაბალი არ არის. პირიქით, წელს არის უპრეცედენტოდ მაღალი ფასი, ისტორიული მაქსიმუმი, რაც კი ოდესმე საფერავის ჯიშის ყურძენზე ყოფილა. შარშანდელთან შედარებით საფასური 50 %-ით მეტია. რა თქმა უნდა, ყურძნის მაღალი ფასი განაპირობებს პროდუქტის მაღალ ფასს და საბოლოოდ ქართული ღვინის კონკურენტუნარიანობაზე აისახება. ამასთან, თუ ინდუსტრიას შეუძლია, რომ ასეთი ფასი გადაიხადოს, ჩვენ მხოლოდ მივესალმებით, რადგან გლეხები იღებენ უფრო მეტ შემოსავალს. რაც შეეხება ფასის შემცირებას - ფასი მერყეობს და ეს კარგია, რადგან საქართველოში თავისუფალი ფასებია და ჩვენი ქვეყანა არაა რეგულირებადი ფასების ეკონომიკა. აქედან გამომდინარე ფასი ვერ იქნება ვიღაცის მიერ დადგენილი. არ შეიძლება, რომ ის სახელმწიფოს მიერ იძულების წესით იყოს ფიქსირებული, მით უმეტეს აგროპროდუქტზე", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის განმარტებით, სახელმწიფომ შექმნა ის, რომ გლეხებისთვის მინიმუმ გარანტიებია შექმნილი იმასთან დაკავშირებით, რომ კომპანიებმა ლარზე ნაკლები არ გადაიხადონ.

"ანუ სუბსიდირების მექანიზმი მიბმულია ფასზე – 1 ლარის გადახდის შემთხვევაში კომპანიები იღებენ გლეხებისთვის განკუთვნილი სუბსიდიის თანხას, წინააღმდეგ შემთხვევაში - არა. "1 ლარის ფასი", რაც იყო დაპირება, მიღწეულია, ხოლო ამის ზემოთ უკვე არის იმ მოთხოვნიდან გამომდინარე, რომელიც იმ მომენტში ფიქსირდება. ძალიან მნიშვნელოვანია მეორე მომენტიც - თუ ფასი იმატებს, როგორც წესი, კომპანიების მხრიდან მოთხოვნა იკლებს და პირიქით. აქედან გამომდინარე, ალბათ, ფასმა პიკს მიაღწია და შემდეგ იწყო კლება, თუმცა ფასების მერყეობის მიუხედავად ყურძნის ფასი არის უპრეცედენტოდ მაღალი", - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

ყვარლის რაიონის სოფელ გავაზის მოსახლება ღვინის მწარმოებელ კომპანიებს საფერავის ფასის გამო უპირისპირდება. გლეხების თქმით, ორი დღის წინ საფერავი 2 ლარი და 35 თეთრი ღირდა, დღეის მდგომარეობით კი, 1 ლარს და 50 თეთრს არ აღემატება, რასაც პროტესტი მოჰყვა.

"საფერავის ფასი გურჯაანის რაიონის სოფელ ვაზისუბანშიც გააპროტესტეს. გლეხები ამბობენ, რომ საფერავის ფასის გამო რთველი დროებით შეჩერებულია. მოსახლეობის განცხადებებს რთველის შტაბში უპასუხეს.

ღვინის სააგენტოს ხელმძღვანელის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, სახელმწიფო ფასების რეგულაციაში არ ერევა და ფასს კერძო კომპანიები ადგენენ.