უკრაინის ანტიტერორისტულმა ძალებმა დონეცკის აეროპორტი დაიბრუნეს

უკრაინის ანტიტერორისტულმა ძალებმა დონეცკის აეროპორტი დაიბრუნეს

დონეცკის აეროპორტი კვლავ უკრაინის ანტიტერორისტული ძალების კონტროლქვეშ გადავიდა. ამის შესახებ ერთ-ერთმა უკრაინელმა მებრძოლმა "უკრაინსკაია პრავდას" განუცხადა.

"მიუხედავად გაურკვეველი ინფორმაციისა, რომ აეროპორტი დავთმეთ, ჩვენ ისევ აქ ვართ და სრულად ვაკონტროლებთ მთელ აეროპორტს", - განუცხადა "უკრაინსკაია პრავდას" დონეცკის აეროპორტში მყოფმა ერთ-ერთმა მებრძოლმა.

მისივე თქმით, მოწინააღმდეგე მათ ცეცხლს ნაღმტყორცნებიდან და "გრადებიდან" უხსნის.

"გუშინ თავდასხმებმა შედარებით იკლო. თუმცა, ორი დღის წინ აქტიურად გვიტევდნენ, თითქმის მთელი დღე-ღამის განმავლობაში. ცეცხლს გვიხსნიდნენ "გრადებიდან" და ნაღმტყორცნებიდან", - განაცხადა უკრაინელმა მებრძოლმა.

ამასთან, უკრაინულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინის სამთავრობო ძალებმა ლუგანსკის აეროპორტიდან უკან დაიხიეს.