საბერძნეთში ექსპრეზიდენტ სააკაშვილის შეყოვნებას მმართველი გუნდი და მიხეილ სააკაშვილის თანაგუნდელებიც გამოეხმაურნენ.
საპარლამენტო უმცირესობის წევრის გოკა გაბაშვილის განცხადებით, ექსპრეზიდენტს მხოლოდ რუსეთი, ჩრდილოეთ კორეა ან ნაურუ დააკავებს.
“გადაეცით ელჩს, მის უფროსს საგარეო საქმეთა მინისტრს, მის უფროსს პრემიერ-მინისტრს და მის უფროსს მოქალაქეს, რომ შიდა ძებნით შეუძლიათ თავი გაირთონ, მაგრამ გარე ძებნაზე თავს ნუ გაიწვალებენ. იმ ქვეყნებში, სადაც ხელი მიუწვდებათ, რუსეთში, ჩრდილო კორეაში ან ნაურუში სააკაშვილი ჩასვლას არ აპირებს”, - განაცხადა გაბაშვილმა.
საპარლამენტო უმრავლესობის წერვმა ზურაბ აბაშიძემ კი განაცხადა, რომ მმართველ გუნდს სააკაშვილის შეყოვნებასთან დაკავშირებით მხოლოდ ის ინფორმაცია აქვთ, რაც ელჩმა ოფიციალურად გააჟღერა.
“ალბათ მოწმდებოდა მონაცემები გემზე მყოფ პირებთან, სავარაუდოდ სააკაშვილთან დაკავშირებით. ამასთან დაკავშირებით უფრო კონკრეტულად უპრიანი იქნება საბერძნეთის ოფიციალურმა მხარემ გააკეთოს შემდგომი განმარტებები”, – განაცხადა აბაშიძემ.