ირაკლი ჩიქოვანი - გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე ერთი დელეგაცია, პრემიერის ხელმძღვანელობით უნდა გაემგზავროს

ირაკლი ჩიქოვანი - გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე ერთი დელეგაცია, პრემიერის ხელმძღვანელობით უნდა გაემგზავროს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ირაკლი ჩიქოვანის აზრით, გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე ქვეყანა ადეკვატურად უნდა იყოს წარმოდგენილი და იქ ერთი დელეგაცია, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით უნდა გაემგზავროს.

ამის შესახებ ჩიქოვანმა "ინტერპრესნიუსს" გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში დაგეგმილ კლიმატის ცვლილებების სამიტზე როგორც პრეზიდენტის, ისე პრემიერ-მინისტრის გამგზავრების თემის ირგვლივ შექმნილი აჟიოტაჟის კომენტირებისას განუცხადა.

"პირველ რიგში, მინდა განვაცხადო, რომ აურზაურს აბსოლუტურად არანაირი საუძველი არ გააჩნია და ამ შემთხევაში ერთი რამ არის ცხადი და ნათელი - ქვეყანაში არის აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაური, რომელიც პასუხისმგებელია ქვეყანაში პოლიტიკის განხორციელებაზე - მოქმედი კონსტიტუციის შესაბამისად, ეს არის პრემიერ-მინისტრი. აქედან გამომდინარე, გენერალური ასამბლეის გენერალურ დებატებზე უნდა გამოვიდეს ის ადამიანი და იმ ჯგუფის ხელმძღვანელი, რომელიც პასუხისმგებელია აღმასრულებელი პოლიტიკის გატარებაზე ქვეყანაში და რომელიც საკუთარი სიტყვებს, იქ აღებულ ვალდებულებებს გაატარებს ქვეყანაში. ასევე, რაც შეხება სხვა შეხვედრებს, მე მინდა, ხაზი გავუსვა იმას, რომ არის გენერალური ასამბლეის გენერალური დებატები და არსებობს სხვა შეხვედრებიც, სხვა ფორმატებიც, ეს არის ე.წ. Side Event-ები, რომლებიც შეიძლება შეეხებოდეს ნებისმიერ სხვადასხვა თემას, მაგრამ ფაქტობრივი და უმნიშველოვანესი ისაა, რომ აქაც რა გადაწყვეტილება არ უნდა იქნას მიღებული და რა პოზიციაც არ გაჟღერდეს, ეს უნდა ეყრდნობოდეს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკას, ქვეყნის მიერ ნაკისრ ვალდებულებს. ამ ვალდებულებების შესრულებაზე პასუხისმგებელმა ადამიანმა უნდა აიღოს ეს ვალდებულებები და ამ შემთხვევაში ეს არის პრემიერ-მინისტრი", - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანი.
მისივე თქმით, აქ ვინმეს ვინმეს უფლების დადასტურებაზე არ არის საუბარი.

"აქ არის საუბარი იმაზე, რომ ქვეყანა იყოს ადეკვატურად წარმოდგენილი და იმ ფორმით, რომლითაც ის მერე შეძლებს ზუსტად და კონკრეტულად აღასრულოს ის ვალდებულება, რა ვალდებულებასაც ის იკისრებს საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე და ეს ბუნებრივია, უნდა იქნას გაკეთებული იმ პირის მიერ, რომელიც ქვეყნაში განსაზღვრავს აღმასრულებელ პოლიტიკას. პრეზიდენტი მოქმედი კონსტიტუციით არ არის პასუხისმგებელი იგივე თუნდაც კლიმატის ცვლილების საკითხებზე და იგივე ფინანსურ საკითხებზე. აქ არის საუბარი იმაზე, რომ ქვეყანა წარმოდგენილ იქნას ერთი დელეგაციით. ამ ერთ დელეგაციას ხელმძღვანელობს პრემიერ-მინისტრი. ის არის გენერალი ასამბლეაზე წარმოდგენილი, ჩანიშნულია მისი სიტყვით გამოსვლა. აქედან გამომდინარე, ძალიან ადეკვატური და ლოგიკურია, რომ სხვა ღონისძიებებზეც პრემიერი ყოფილიყო წარმოდგენილი", - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა და დასძინა, რომ დელეგაციის შემადგენლობასა და ხელმძღვანელობაზე კითხვაც არ უნდა ისმოდეს