საქართველოს პატრიარქი აღმოსავლეთ უკრაინაში მშვიდობისთვის ლოცულობს. დონეცკის ეპრაქიის ინფორმაციით, ამის შესახებ საქართველოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დონეცკისა და მარიუპოლის მიტროპოლიტ ილარიონს სატელეფონო საუბრისას განუცხადა.
დონეცკის ეპარქიის მიერ გავრცელებული განცხადებით, სატელეფონო საუბრისას ილია მეორე დონეცკის ეპარქიის საეკლესიო ამბებით დაინტერესდა.
"დონეცკისა და მარიუპოლის მიტროპოლიტმა ილარიონმა მის უწმინდესობას თხოვნით მიმართა, ილოცოს იძულებით გადაადგილებულ პირთა, დევნილთა და მშვიდობიანი მოსახლეობისთვის, რომლებიც საომარი მოქმედებებისას დაზარალდნენ. თავის მხრივ, საქართველოს პატრიარქმა დაარწმუნა მიტროპოლიტი ილარიონი ძმურ მხარდაჭერასა და დონეცკის მიწაზე მშვიდობისთვის ლოცვაში", - ნათქვამია დონეცკის ეპარქიის განცხადებაში.
დონეცკის ეპარქიის ცნობით, სატელეფონო საუბარი 31 აგვისტოს შედგა.