დონბასის სეპარატისტული ხელისუფლება კიევისგან რამდენიმე პირობის შესრულებას ითხოვს

დონბასის სეპარატისტული ხელისუფლება კიევისგან რამდენიმე პირობის შესრულებას ითხოვს

დონბასის სეპარატისტულმა ხელისუფლებამ, უკრაინის შემადგენლობაში დარჩენის სანაცვლოდ, კიევს პირობები წაუყენა.

BBC-ის რუსული სამსახურის ინფორმაციით, სეპარატისტების წარმომადგენლებმა – პურგინმა და კარიაკინმა პირველად გამოთქვეს მზადყოფნა, "განსაკუთრებული სტატუსისა" და კიევის მხრიდან სხვა დათმობების სანაცვლოდ, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქები უკრაინის შემადგენლობაში დარჩეს.

"ევროკავშირისა და რუსეთის თავდებობით, შესაბამისი კანონმდებლობის სახით გარანტიების მიღების შემთხვევაში, სახალხო რესპუბლიკები, თავის მხრივ, მაქსიმუმ ძალისხმევას მიმართავენ მშვიდობის მხარდასაჭერად, უკრაინის და მთელი რუსულ-უკრაინული ცივილიზაციის ერთიანი ეკონომიკური, კულტურული და პოლიტიკური სივრცის შესანარჩუნებლად", - ნათქვამია დოკუმენტში, რომელიც სეპარატისტებმა მინსკში, უკრაინის, ეუთოსა და რუსეთის მონაწილეობით შექმნილი სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე ჩაიტანეს.

სეპარატისტების მოთხოვნები რამდენიმე პუნქტისგან შედგება და ითვალისწინებს ანტიტერორისტული ოპერაციის შეწყვეტას, ტყვეების გაცვლას, ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებას, საომარი მოქმედებების მონაწილეებისთვის ამნისტიის გამოცხადებას, რუსული ენის განსაკუთრებულ სტატუსს დონეცკის და ლუგანსკის ოლქებში. გარდა ამისა, მათი სურვილია, საკუთარი შეიარაღებული ფორმირებების შენარჩუნება და ლეგალიზაცია, პროკურორებისა და მოსამართლეების დანიშვნის უფლება, განსაკუთრებული წესრიგის შემოღება საგარეო ეკონომიკურ საქმიანობაში, რომელიც ითვალისწინებს რუსეთთან და საბაჟო კავშირთან ინტეგრაციის რეგულაციას. თუმცა, ამ შემთხვევაში, რამდენად შესაძლებელი იქნება ერთიანი ეკონომიკური სივრცის შენარჩუნება უკრაინასა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში, გაუგებარია.

სეპარატისტების გეგმის მიხედვით, აღნიშნული ოლქების განსაკუთრებულ სტატუსს გაამყარებს გუბერანტორების არჩევა, ამავდროულად ღია რჩება საკითხი 26 ოქტომბერს დაგეგმილი უმაღლესი რადას არჩევნებში მონაწილეობის თაობაზე.

ოფიციალური კიევის პოზიცია სეპარატისტების მიერ წარმოდგენილ გეგმასთან დაკავშირებით, ჯერჯერობით უცნობია.