რუსი ექსპერტის, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ყოფილი მრჩეველი ანდრეი ილარიონოვი აცხადებს, რომ ის, რაც დღეს უკრაინაში ხდება , რუსული აგრესიით გამოწვეული პრობლემაა.
ანდრეი ილარიონოვი აცხადებს, რომ ეს არის რუსულ-უკრაინული სრულმასშტაბიანი ომი.
როგორც ილარიონოვი აცხადებს, ბოლო პერიოდში ადგილი აქვს რუსეთის შეჭრას უკრაინის ტერიტორიაზე. მისი თქმით, ეს ომი დღეს არის უკრაინის წინააღმდეგ, მაგრამ კრემლის შემდეგი ნაბიჯები იქნება მოლდოვა და ყაზახეთი.
როგორც რუსი ექსპერტი მიიჩნევს, სანქციები, რომელიც ახლა დასავლეთის მხრიდან ხორციელდება რუსეთის წინააღმდეგ, არ არის ეფექტური - ის კრემლის ქმედებებს ვერ შეცვლის და ომს ვერ შეაჩერებს.
"იმისთვის, რომ ომი შეწყდეს, მიღწეული იქნას მშვიდობა უკრაინისთვის, საქართველოსთვის და იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც უკვე გახდნენ რუსული აგრესიის მსხვერპლი, დიპლომატია ამას ვერ შეაჩერებს, არც მოლაპარაკებები მუშაობს და ეს ჩვენ ვნახეთ. ამიტომ, გამოსავალი არის წინააღმდეგობის გაწევა. წინააღმდეგობის გაწევა არ არის გარანტია, მაგრამ არის ერთადერთი შანსი დაიცვა შენი პოზიციები. ვერავინ მოგცემს გარანტიას, რომ ეს წინააღმდეგობა იქნება წარმატებული და მალევე მოგიტანს შედეგს, მაგრამ მხოლოდ წინააღმდეგობას მოაქვს გამარჯვება", - განაცხადა ილარიონოვმა.
როგორც ილარიონოვი აცხადებს, მხოლოდ საფრთხეს შეუძლია აგრესორის შეჩერება.
"აგრესორის შეჩერება შეუძლია მხოლოდ საფრთხეს. მათ შორის, სამხედრო საფრთხეს. როგორც ეს იყო 2008 წელს საქართველოში, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატების მზადყოფნამ, გამოეყენებინათ თავისი შეიარაღებული ძალები, შეაჩერა რუსული ტანკები თბილისიდან 50 კილომეტრში", - განაცხადა ილარიონოვმა.
ანდრეი ილარიონოვი თბილისში საერთაშორისო ლიდერთა ფორუმს "დემოკრატიული რეფორმების მომავალი: თანამედროვე სახელმწიფოს მშენებლობა 21-ე საუკუნეში" ესწრება. ფორუმი გუშინ გაიხსნა და მასში მონაწილეობას სხვადასხვა ქვეყნის ექსპერტები იღებენ.