როგორი იქნება ჩვენი ტაქტიკა პარლამენტის სანახევროდ გადმობარგებაზე, უახლოეს ხანში განვაცხადებთ

როგორი იქნება ჩვენი ტაქტიკა პარლამენტის სანახევროდ გადმობარგებაზე, უახლოეს ხანში განვაცხადებთ

როგორი იქნება ჩვენი ტაქტიკა თბილისში სანახევროდ გადმობარგების, საკომიტეტო მუშაობის პირობებში, ამას განვსაზღვრავთ და უახლოეს პერიოდში ვაცნობებთ საზოგადოებას, – ამის შესახებ ჟურნალისტებს დეპუტატმა "ნაციონალური მოძრაობიდან" გიგი წერეთელმა განუცხადა კითხვაზე, დაესწრებიან თუ არა "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატები თბილისში პარლამენტის ბიუროს სხდომას.

როგორც გიგი წერეთელმა განაცხადა, "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს არასოდეს უთქვამთ, რომ საპარლამენტო პროცესების მონაწილე არ იქნებიან.

"ამას ძალიან აქტიურად ვაკეთებდით იქ, სადაც კონსტიტუციით არის განსაზღვრული საქართველოს პარლამენტის ადგილი - ქუთაისში", - განაცხადა გიგი წერეთელმა.

მისივე თქმით, "ნაციონალური მოძრაობას" მიაჩანია, რომ თბილისში კომიტეტების გადმოტანა არ შეესაბამება კონსტიტუციურ ჩანაწერებს, რომელიც არის პარლამენტის ადგილსამყოფელთან დაკავშირებით.

პარლამენტის საშემოდგომო სესია დღეს თბილისში, რუსთაველის #8-ში ბიუროს სხდომით გაიხსნება. ბიუროს წევრები თბილისში, განახლებულ ბიუროს სხდომათა დარბაზში შეიკრიბებიან.

გუშინ კი, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა მედიის წარმომადგენლებს პარლამენტის განახლებული შენობა პირადად დაათვალიერებინა.

არსებული ინფორმაციით, თბილისში საკომიტეტო მუშაობა წარიმართება, თუმცა პლენარული სხდომების გამართვის ადგილი კვლავ ქუთაისის იქნება.

კონსტიტუციაში რჩება ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც, საქართველოს პარლამენტის ადგილსამყოფელია ქალაქი ქუთაისი. საკანონმდებლო საქმიანობის ნაწილობრივად თბილისში გადმოტანის გადაწყვეტილება კი, პარლამენტის რეგლამენტის იმ ჩანაწერს ეფუძნება, რომელიც გასვლითი საკომიტეტო სხდომების გამართვის შესაძლებლობას იძლევა.