რუსეთთან მიმართებაში არსებული საგარეო პოლიტიკური კურსი არ უნდა შეიცვალოს

რუსეთთან მიმართებაში არსებული საგარეო პოლიტიკური კურსი არ უნდა შეიცვალოს

პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის აზრით, რუსეთთან მიმართებაში არსებული საგარეო პოლიტიკური კურსი არ უნდა შეიცვალოს.

როგორც პრეზიდენტმა "მაესტროს 9-იანში" განაცხადა, არ შეიძლება საგარეო პოლიტიკური კურსის ცვალებადობა "ყოველწუთიერ პრობლემებთან" იყოს დაკავშირებული. პრეზიდენტი ფიქრობს, რომ საქართველო რუსეთთან მიმართებაში საერთაშორისო თანამეგობრობის პოზიციას უნდა იზიარებდეს და "ჩვენმა რიტორიკამ მას წინ არ უნდა გაუსწროს".

"ქართულ-რუსული ურთიერთობები არ არის იოლი. ჩვენ გაგვაჩნია უაღრესად მძიმე პრობლემატიკა, თემები, რომლებიც ძალიან რთულია. როცა კრიზისი ხდება, ოპონენტები კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ იმ საგარეო პოლიტიკურ კურსს, რომელიც საქართველომ აიღო რუსეთის ფედერაციასთან მიმართებაში, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ კურსი მუდმივად უნდა იცვლებოდეს. ქართული საგარეო პოლიტიკური კურსი რუსეთის მიმართ მდგომარეობს იმაში, რომ ძალიან რთულ ვითარებაში შევძლოთ მოვახდინოთ რუსეთთან ურთიერთობის პრინციპული თემების დაფიქსირება, მაგრამ ამავე დროს ეს პრობლემატიკა არ გადავიდეს სერიოზულ კონფლიქტში, სერიოზულ დაპირისპირებაში, მათ შორის ეს გულისხმობს იმას, რომ ჩვენი რიტორიკა იყოს არა უფრო მეტი, ვიდრე ჩვენს პარტნიორებს გააჩნიათ. ეს ძალიან სწორი და რაციონალური პოლიტიკაა. საქართველო უნდა იყოს ნაწილი იმ საერთაშორისო თანამეგობრობისა, რომელიც ამ მიმართულებით თავის პოზიციას აფიქსირებს, მაგრამ მათ წინ არ უნდა გაუსწროს", - განაცხადა მარგველაშვილმა.

პრეზიდენტი საზოგადოებას შეახსენებს, რომ რუსეთთან დაძაბულობის დეესკალაციის კურსი ახალი არ არის და ის მმართველ კოალიციას თავიდანვე ჰქონდა.