ქართულმა მხარემ უკრაინისადმი მხარდაჭერა ყველა ფორმატში დააფიქსირა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა "მაესტროს 9-იანში" განაცხადა, რითაც ამ კუთხით ოპოზიციის მხრიდან გამოთქმულ კრიტიკას "სიტყვებზე გამოდავება" უწოდა.
პრეზიდენტის შეფასებით, საქართველოს მიერ გამოხატული მხარდაჭერა ეს არის "სერიოზული, რეალური და არა მხოლოდ სიტყვებზე აყოლილი". "ვფიქრობ, ქართულმა მხარემ დააფიქსირა ძალიან მკაფიო და მკვეთრი მხარდაჭერა ჩვენი უკრაინელი მეგობრების მიმართ. არაერთხელ გაჟღერდა პოზიცია, რომლითაც გამოვხატეთ მხარდაჭერა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ. არაერთხელ გაესვა ხაზი იმას, რომ სამწუხაროდ, 2008 წლის საქართველოს პრობლემები და უკრაინის დრამატული მოვლენები ერთმანეთთანაა დაკავშირებული. ქართულმა მხარემ და პირადად მე მხარი დავუჭირე უკრაინის ახალ პრეზიდენტს და ვიყავი კიევში. არაერთი სატელეფონო ზარიც მქონდა. გავგზავნეთ ჰუმანიტარული მისია, რომელსაც ჯანდაცვის მინისტრი ხელმძღვანელობს. ამას ემატება პარლამენტის ერთსულოვანი მხარდაჭერა უკრაინასთან მიმართებაში. ასე რომ, ეს არის სერიოზული, რეალური და არა მხოლოდ სიტყვებზე აყოლილი მხარდაჭერა. თუ რეალურად ჩავუღრმავდებით იმას, რაშიც აკრიტიკებენ ქართულ მხარეს, ესაა ძირითადად კონკრეტულ სიტყვებზე გამოდავება, ესაა ოპოზიციის საქმე. ჩემი აზრით კი, ქართულმა მხარემ ყველა ფორმატში დააფიქსირა თავისი მხარდაჭერა. ჩვენ შეძლებისდაგვარად მხარში ამოვუდექით ჩვენს მოძმე უკრაინელ ხალხს", - განაცხადა პრეზიდენტმა.