გაეროში ვიზიტთან დაკავშირებით სამზადისი გრძელდება

გაეროში ვიზიტთან დაკავშირებით სამზადისი გრძელდება

გაეროში ვიზიტთან დაკავშირებით სამზადისი გრძელდება და ამ მიმართულებით რაიმე ცვლილება არ განხორციელებულა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა "მაესტროს 9-იანში" განაცხადა, რითაც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მაია ფანჯიკიძის დღევანდელ განცხადებას გამოეხმაურა.

"მთავარი თემა დღეს ჩემთვის არის უელსის სამიტი. კონცენტრირებული ვართ ამ მიზანზე. ბუნებრივია, გრძელდება მუშაობა და მომზადება იმისთვისაც, რომ ჩავიდეთ გაეროში და იქ ღირსეულად დავაფიქსიროთ ქართული სახელმწიფოს პოზიცია. ნიუ-იორკში ვიზიტის მზადება ინტენსიურ ფაზაშია და არავითარი ცვლილება ამ მიმართულებით არ განხორციელებულა", - აღნიშნა პრეზიდენტმა.

რაც შეეხება შეკითხვას, აპირებს თუ არა ის გაეროში დაგეგმილ სამიტზე სიტყვით გამოსვლას, რასთან დაკავშირებითაც ცნობილი გახდა, რომ მოხსენებისთვის საქართველოს პრემიერ-მინისტრი ემზადება, გიორგი მარგველაშვილის თქმით, მან პირადად გაეროს გენერალური მდივნისგან მიიღო მოწვევა და პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ვიზიტი დაუდასტურა.