ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ალექსი პეტრიაშვილმა დღეს 2014 წლის თბილისის ლიდერთა ფორუმის – "თანამედროვე სახელმწიფოს მშენებლობა 21-ე საუკუნეში" მუშაობაში მიიღო მონაწილეობა.
ღონისძიება სტენდფორდის უნივერსიტეტის დემოკრატიის, განვითარებისა და კანონის უზენაესობის ცენტრისა (CDDRL) და ეკონომიკური პოლიტიკისა და კვლევის ცენტრის (EPRC) ორგანიზებით გაიმართა.
სახელმწიფო მინიტრი სიტყვით გამოვიდა სესიაზე "დემოკრატიის განვითარების რისკები: ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე".
ალექსი პეტრიაშვილმა რეგიონში არსებულ უკიდურესად მძიმე ვითარებაზე ყურადღება გაამახვილა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის აგრესიული პოლიტიკა რეგიონში დემოკრატიის განვითარების მთავარ რისკს და გამოწვევას წარმოადგენს, რომელიც საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ საქართველოსა და უკრაინის განვითარებას, არამედ მთლიანად ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურას.
სახელმწიფო მინისტრმა საერთაშორისო საზოგადოებას ამ სახიფათო პროცესების შესაჩერებლად ქმედითი ნაბიჯების გადადგმისაკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.
როგორც მან აღნიშნა, დღეს ისე როგორც არასდროს, მნიშვნელოვანია დემოკრატიის განვითარების მხარდაჭერა რეგიონში. სახელმწიფო მინისტრმა ყურადღება გაამახვილა იმ პროგრესზე, რასაც არსებული გამოწვევებისა და მზარდი გარე საფრთხეების მიუხედავად საქართველომ მიაღწია.
როგორც სახელმწიფო მინისტრმა უელსში დაგეგმილ ნატო-ს სამიტსა და მოლოდინებზე საუბრისას განაცხადა, ალიანსის გადაწყვეტილებებში საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესისა და საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში შეტანილი წვლილის ადექვატური ასახვა უნდა მოხდეს.