შატბერაშვილის „ბორჯომი”

შატბერაშვილის „ბორჯომი”

სახალისო მოგონებები ქართველ პოლიტიკოსებსაც გააჩნიათ.  დღევანდელ წერილში საუბარი ჩვენებურ “ოპოზიცია-პოზიციის” წარმომადგენლებზე გვექნება და ქართული საზოგადოებისათვის რამდენიმე ნაკლებად ცნობილ ისტორიასაც გაგაცნობთ.

 

ლეიბორისტები - სოსო შატბერაშვილი და პაატა ჯიბლაძე ბატონ სააკაშვილთან სამკვდროდ-სასიცოცხლოდ არიან გადაკიდებულები. გაგიკვირდებათ და ამ სამეულს ერთხელ “სპეცჩამოსხმის ბორჯომი” ერთად დაუჭაშნიკებია. სოსო შატბერაშვილი ამ ისტორიას არაერთხელ იხსენებდა.

 

“როდესაც სააკაშვილი საკრებულოს თავმჯდომარე იყო, ძალიან უყვარდა გამსვლელი სხდომების ქალაქგარეთ ჩატარება. იგი კომფორტის დიდი მოყვარულია. ხშირად გუდაურში, “მარკო პოლოში” აწყობდა სხდომებს.

 

ერთხელაც, მორიგი სხდომის შემდეგ, საღამოს ვახშამზე მე და პაატა ჯიბლაძემ დალევა გადავწყვიტეთ. არადა, სპირტიანი სასმელი აკრძალული იყო. ამიტომ არაყი „ბორჯომის“ ბოთლში ჩავასხით და ისე ვსვამდით. სააკაშვილი მოპირდაპირე მაგიდასთან იჯდა. მიშა ხედავდა, რომ ჩვენ თანდათან კარგ ხასიათზე ვდგებოდით. უცებ, ჩემთან მოვიდა და მკითხა: „რას სვამთ, ბატონო სოსო?“ მეც ვუპასუხე - სპეცჩამოსხმის „ბორჯომს“-მეთქი.

 

სააკაშვილმა მისი გასინჯვა მოისურვა და ჩვენც დავუსხით. ორი ჭიქის შემდეგ მიშა კარგ ხასიათზე დადგა. საუბარი მედიცინაზე ჩამომიგდო. მაშინ მე ვკურირებდი ამ საკითხს, კომიტეტის თავმჯდომარე ვიყავი. დავიწყეთ კამათი. სააკაშვილი ნათელაშვილს გადასწვდა და მისი აზრები გააკრიტიკა. შალვას მედიცინის არაფერი გაეგება, მე კი სამედიცინო ინსტიტუტის რექტორის შვილიშვილი ვარო. ნათელაშვილს უთხარით, მედიცინაში ცხვირის ჩაყოფას ურჩევნია, დუშეთში ძროხები დაითვალოსო. ეს ისეთი ბავშვური გულუბრყვილობით თქვა, გაბრაზების ნაცვლად გამეცინა”.

 

ბატონ სოსოს კი გაეცინა, მაგრამ პარტიის ლიდერს ამბავი ალბათ მაინც მიუტანა. შალვას კი სააკაშვილი როგორ უყვარს არავისთვის საიდუმლოს არ წარმოადგენს. ამერიკაშიც კი ჩავიდა და საქართველოს პრეზიდენტს თეთრი სახლის წინ გამართული მიტინგიდან, ქართულ-ინგლისურ დიალექტზე ერთი კარგი მოკითხვა შემოუთვალა.

 

ნათელაშვილის თემა გავაგრძელოთ და სიტყვა ლაშა ნაცვლიშვილს გადავცეთ.

 

“თავის დროზე საქართველოს პარლამენტში ერთი მაგარი კურიოზის მომსწრე გავხდი. ერთ-ერთ სხდომაზე კობა დავითაშვილს დაურეკეს, შვიდი კაცია შემოსაყვანი, საშვი დაუშვიო. ამ შვიდიდან ოთხის გვარი – იაშვილია. კობამ საშვთა ბიუროში დარეკა:

 

- დაუშვით საშვი ჩემთან შვიდ პიროვნებაზე. ესენი არიან ვალერი, მაყვალა, შალვა, ნათელა იაშვილი.

საშვთა ბიუროში რაღაც კარგად ვერ გაიგეს. კობამ გაუმეორა:

- შვიდი, შვიდი საშვი! შალვა, ნათელა იაშვილი.

 

ვატყობ, დარბაზში ჩოჩქოლია. უმრავლესობა მობილურს ეცა, დაცვამ რაცია ამოიღო. მგონი სპეცრაზმიც გამოიძახეს. როგორც მოგვიანებით გავარკვიე, სპეცსამსახურებს მიუღიათ ინფორმაცია, კობა დავითაშვილმა დარბაზიდან შვიდ შალვა ნათელაშვილზე დაუშვა საშვი და ყველა შესასვლელი კარი გადაკეტეთო!”

 

პარლამენტზე გამახსენდა. ერთი პერიოდი ქალბატონი ელენე თევდორაძის ფრთიანი გამონათქვამი თბილისში დიდი პოპულარობით სარგებლობდა.

 

საქართველოს პარლამენტის სპიკერის რეპლიკაზე – ამ დარბაზში ბევრი ფსიკიკურ გამოკვლევას საჭიროებსო, თევდორაძემ აღშფოთებით უპასუხა, ჩვენ აქ ყველანი გამოკვლევებულები ვართო.

 

დღევანდელი პარლამენტარების უდიდესი ნაწილი ხალხის სიყვარულით ნამდვილად ვერ სარგებლობს. არც მათი წინამორბედებიც უყვარდათ. ბატონი დავით უსუფაშვილი იგონებს.

 

“ანტიკორუფციული პროგრამა შედგენისთანავე მოსახლეობას გავაცანით, რომ საკუთარი შენიშვნები და მოსაზრებები წერილობით გამოეგზავნათ. მოსული ინფორმაცია მაშინვე კომპიუტერში შედიოდა და მას ცალკე მე ვეცნობოდი, ცალკე - ბატონი ლადო ჭანტურია. მოსახლეობამ დიდი დაინტერესება გამოამჟღავნა და ყოველდღიურად უამრავი წერილი მოგვდიოდა.

 

ერთ საღამოსაც ამობეჭდილი სახით ახალი მონაცემები შემომიტანეს და ვათვალიერებ, რა მისაღებია, რა – არა. უცებ, ერთ პასუხს მივაგენი. თბილისში მცხოვრები ერთ-ერთი ბატონი, რომელიც საკუთარ  მისამართსაც უთითებდა და ტელეფონსაც, თავის მოსაზრებას გვწერდა კორუფციის მამებზე და მისთვის არასასურველ პარლამენტარებზე:

 

“ვინაიდან არც მოფერება და არც მუქარა არ მოქმედებს, ერთადერთ სწორ გამოსავალს გთავაზობთ. მომეცით დაუსჯელობის გარანტია და ერთი პარლამენტარის ცოლს პირდაპირ – სილამაზის სალონში... მეორის ცოლს - საყვარელი სუპერმარკეტის წინ... მესამის ცოლს სახლში... მეოთხეს ცოლთან ერთად... მეხუთეს ცოლშვილიანად... გარანტიას გაძლევთ, ასეთი ანტიკორუფციული პროგრამის შემდეგ, უკანონობის ჩადენას ვეღარავინ გაბედავს”.

 

ქართველი პარლამენტარები მხიარული, უდარდელი და, ამავდროულად, მოცლილი ადამიანები არიან. ერთი პერიოდი ფეხბურთის გუნდიც კი ჩამოაყალიბეს, რომელშიც ვლადიმერ გუცაევის ადგილი არ მოიძებნა.

 

ალექსანდრე შალამბერიძე საკუთარ “სპორტულ კარიერას” შემდეგნაირად იგონებს:

 

“პარლამენტში ფეხბურთის გუნდის ჩამოყალიბება გადაწყვიტეს, რომელიც შიშის ზარს დასცემდა ყველას. გუნდის შექმნა კაკო ბობოხიძემ ითავა. ბურთის გორაობა მეც მიყვარდა, თავდასხმაში ვიყავი და მეკარეს – ირაკლი მინდელს, სისხლს ვუშრობდი. მოვიდა ბობოხიძე და მეუბნება:

 

- ზნაჩიტ, ტაკ, თავდასხმაში მე და შენ ვიქნებით.

- კარგი რა, კაკო, - შორს დავიჭირე, - თავდასხმაში მე ვიყო და ვოვა გუცაევი ტრიბუნაზე იჯდეს? მიდი, შეთავაზე, უარს არ გეტყვის.

- გუცაევმა თამაშისა რა იცის, - ხელი ჩაიქნია, - პირს დააღებდა, რო ენახა, გუშინწინ ცარიელ კარში სამი მეტრიდან როგორი ბურთი გავიტანე.

- გუცაევი 100 წლისაც რომ იყოს, ვერ აჯობებ, - ცივი წყალი გადავასხი.

- შენც ტრიბუნაზე იჯდები! – გაბრაზდა, - ორივეს თუ “კაკო-კაკო” არ გაძახებინოთ, კაცი არ ვიყო!”

 

ბატონ ზვიად ძიძიგურს ციხეში ჯდომა მოუწია. მაშინ კალმახელიძის ქალი ასაკით პატარა გოგონა გახლდათ და თოჯინებით ერთობოდა. მართალია, დღეს პატიმართა მდგომარეობის „შესამსუბუქებლად“ ძალ-ღონეს არ იშურებს, მაგრამ ჩვენი თანამემამულეების დიდმა ნაწილმა სასჯელი იმ პერიოდში მოიხადა როდესაც ეს ქალბატონი მინისტრი არ ბრძანდებოდა. რა პირობებში უხდებოდა ცხოვრება ზვიად ძიძიგურს, მისი ამ მოგონებიდან გაიგებთ.

 

“ციხის შინაგანაწესის მიხედვით პატიმარს ძაღლი არ უნდა ჰყოლოდა, სამაგიეროდ კატა შეიძლებოდა. თურმე, ძაღლი კატაზე ჭკვიანი ყოფილა და შეგიძლია ისე გაწვრთნა, რაღაც დავალებების შესრულება მოახერხოს.

 

კოლონიაში პატარა ლეკვი მოგვიყვანეს ჩუმად. ჩარლი დავარქვი. ყველა იმას ეფერებოდა. დილით რომ ავდგებოდი, მაშინვე ფლოსტებს მომირბენინებდა ხოლმე. კოლონიის უფროსმა ძალიან გააპროტესტა ჩარლის გამოჩენა და მეუბნება:

 

- ხომ იცი, ძაღლი არ შეიძლება, გააგდე და კატა მოიყვანე, თუ ასე გიყვარს ცხოველები.

- შე კაი კაცო, - ვეუბნები, - ხელისუფლება მკვდარ სულებს ცოცხლებად აფორმებს, საარჩევნოდ სიებში სვამს და ერთი პატარა ძაღლი კატად რომ გააფორმო, არ შეგიძლია?

 

ხმა ვერ ამოიღო. ეს ჩვენი ჩარლი ოთხჯერ გადავარჩინე შეჭმას, რადგან ტუბერკულიოზიანებს სჯეროდათ, ძაღლის ხორცი საუკეთესო წამალიაო. ციხის უფროსობა დაგვცინოდა, ძაღლს მაინც შეგიჭამენ და გაუშვით, მაგის ცოდვაში ნუ ჩადგებითო.

 

ერთხელ, ადმინისტრაციის წარმომადგენელმა უზარმაზარი შავი გერმანული ნაგაზი მოიყვანა და ეზოში დააბა. იმხელა ძაღლი ტელევიზორშიც არ მინახავს. თან ისეთი ავი იყო, ოცი მეტრის რადიუსში ფეხის შედგმას ვერ ვბედავდით.

 

ერთ დღესაც გავიხედოთ და სადღაა შენი ნაგაზი. მთელი ადმინისტრაცია უფროსებიანად ფეხზე დადგა, ეძებეს და ერთი კვირის შემდეგ მიაგნეს მარტო ტყავს. პატიმრებს შეუჭამიათ.”

 

დღევანდელი წერილი სევდიან მოტივზე რომ არ დავასრულოთ, ერთ ძველ მაგრამ დამაფიქრებელ ანეკდოტს შემოგთავაზებთ.

 

“შევარდნაძე და ჯორბენაძე სანადიროდ არიან. უცებ კურდღელი გამოხტა ბუჩქებიდან. შევარდნაძემ დაუმიზნა, ესროლა და ააცდინა. კურდღელი გაიქცა. "ბატონო პრეზიდენტო, - ეუბნება ჯორბენაძე, - ამ ხნის კაცი ვარ და პირველად ვნახე სასწაული, მოკლული კურდღელი გარბოდეს.”

 

ალბათ, დადგება დრო საქართველოში, როდესაც ქვეყნის სათავეში ისეთი ხალხი მოვა, რომ ამ სახის ანეკდოტებს აღარ მოიგონებენ. დღეს კი...

 

ბოლო პერიოდის განმავლობაში “ახალ ქართულ საწაულზე” – ქალაქ ლაზიკაზე გავრცელებული ანეკდოტების მოძიებას ვცდილობ. ჯერჯერობით საქმე წინ კუს ნაბიჯებით მიიწევს. დანებებას არ ვაპირებ და როდესაც რამდენიმე ცალს მოვაგროვებ ერთ ახალ “პოლიტიკურ” წერილსაც გაახლებთ.